თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქართველოში თითოეული კაფე, რესტორანი ან ბარი ვალდებულია, მენიუ იმგვარად შეიმუშაოს, რომ სტუმრისთვის გასაგები იყოს შეკვეთის საბოლოო, ჯამური ფასი დღგ-ისა და სხვა მოსაკრებლის ჩათვლით, მათ შორის, მომსახურების გადასახადი, ნათქვამია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს განცხადებაში.
სააგენტომ სტანდარტი თბილისური რესტორნის, „რესპუბლიკის" საქმის შესწავლის პროცესში დაადგინა, რომელმაც, სავარაუდოდ, დაარღვია კანონი მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ.
რესტორანმა თავის თავზე აიღო საქმიანობის შიდა პოლიტიკის შეცვლის ვალდებულება და შეასრულა ის.
2024 წლის იანვრის თვეში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით სააგენტოში 60 განაცხადი დაფიქსირდა.
სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ორ მოვაჭრეს 1.200 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. ასევე მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 14 საქმეზე 13 შეთანხმება გაფორმდა.