2023 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები რეკორდული იყო - ქვრივიშვილი

ეს წარმატება მთავრობის სწორი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის, მათ შორის, სტრატეგიული გადაწყვეტილებებისა და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შედეგია, განაცხადა მინისტრის მოადგილემ
Sputnik
თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. 2023 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა საქართველოში დაახლოებით 26%-ით გადააჭარბა 2019 წლის პანდემიამდელ დონეს და რეკორდულ მაჩვენებელს - 4,1 მილიარდ დოლარს - მიაღწია, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოს წლის დასაწყისიდან 7,1 მლნ საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30,3%-ით მეტია, ხოლო პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით – 24,4%-ით ნაკლები. ვიზიტების საერთო რიცხვიდან 4,7 მლნ ტურისტული იყო, რაც 2022 წელთან შედარებით 27,8%-ით მეტია. 2019 წელთან შედარებით ნაკადი 91,9%-ით აღდგა.
„ჩვენ, სწორი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად, კერძო სექტორთან ერთად, არა მხოლოდ სრულად აღვადგინეთ შემოსავლები, რომელიც ტურიზმიდან გვქონდა პანდემიამდე, არამედ ეს მონაცემი 26 პროცენტით გავაუმჯობესეთ. ჩვენმა ქვეყანამ ტურიზმიდან 4,1 მლრდ დოლარზე მეტი მიიღო შემოსავლის სახით, რაც კიდევ ერთი წარმატებაა“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეს წარმატება მთავრობის სწორი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის, მათ შორის, სტრატეგიული გადაწყვეტილებებისა და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შედეგია.
„ჩვენ 2023 წელს წარმატებით ვუმასპინძლეთ სათხილამურო ჩემპიონატს ბაკურიანში. გარდა ამისა, საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარსდგა მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin -ი. ამ და სხვა ბევრმა აქტივობამ, რომლებიც ჩვენ კერძო სექტორთან ერთად დავგეგმეთ და განვახორციელეთ, გამოიღო ის შედეგი, რითაც თითოეული ჩვენგანი ვამაყობთ“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიაზეც, რომელმაც 2023 წელს ახალ წარმატებებს მიაღწია.
საქართველოში ვიზიტების რაოდენობით რუსეთის მოქალაქეები ლიდერობენ - ახალი სტატისტიკა >>
ასე მაგალითად, უმსხვილესმა ინდურმა ავიაკომპანია IndiGo-მ 2023 წლის 9 აგვისტოდან დაიწყო პირდაპირი რეისების განხორციელება დელი-თბილისი-დელის მიმართულებით.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ გვქონდეს მეტი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სამიზნე ქვეყნებთან. 2023 წელი ამ კუთხითაც წარმატებული იყო. ჩვენ საქართველოს ავიაბაზარზე შემოვიყვანეთ არაერთი ევროპული ავიაკომპანია, ასევე ავიაკომპანია ინდოეთიდან, რომელმაც ხელი შეუწყო ჩვენი ტურისტული ბაზრის დივერსიფიცირებას, რაც პირდაპირ აისახა ტურისტული ნაკადებისა და სექტორიდან მიღებული შემოსავლების ზრდაში,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, სწორი სამთავრობო პოლიტიკით, ასევე კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2024 წელი იქნება ყველაზე წარმატებული წელი ქართულ ტურიზმსა და ავიაციაში.
ახალი რეკორდი - ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა წელიწადში 4 მლრდ დოლარს გადააჭარბა >>
სამოქალაქო ავიაციის სფეროში საქართველო 2024 წელს გააგრძელებს „ღია ცის“ პოლიტიკას, რომელიც უზრუნველყოფს ახალი ავიაკომპანიების შემოსვლას ქართულ ბაზარზე და პირდაპირი რეისების ზრდას ქალაქებსა და ქვეყნებს შორის.
რეგიონის მთავარი სატრანზიტო დერეფნის როლის განვითარების ფონზე, მთავრობა აპირებს ხელი შეუწყოს და გააძლიეროს საქმიანი და საინვესტიციო ურთიერთობები, ასევე ყურადღება მიაქციოს ტურიზმის განვითარებას, მათ შორის, სერვისების ხარისხის გაუმჯობესებისა და ქვეყნის სხვადასხვა ლოკაციაზე უსაფრთხო და კომფორტული წვდომის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.