თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. უნგრეთის პრეზიდენტმა კატალინ ნოვაკმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს, რადგან 2023 წლის აპრილში „შეცდომა დაუშვა“ და პედოფილიაში გარეული პირი შეიწყალა, იტყობინება „რია ნოვოსტი“.
როგორც ცნობილია, ნოვაკის გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 2023 წლის აპრილში ბავშვთა სახლში განხორციელებული სექსუალური შევიწროების დაფარვაში მსჯავრდებულის შეწყალება გადაწყვიტა. ოპოზიციურმა პარტიებმა ნოვაკს გადადგომისკენ მოუწოდეს.
„დღეს უკანასკნელად მოგმართავთ, როგორც სახელმწიფოს მეთაური. ვტოვებ რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობას", - განაცხადა ნოვაკმა ტელეკომპანია M1-ის ეთერში.
ნოვაკმა განაცხადა, რომ 2023 წლის აპრილში მან მიიღო გადაწყვეტილება შეწყალების შესახებ რადგან „მიაჩნდა, რომ მსჯავრდებულს ბოროტად არ გამოუყენებია მისთვის მინდობილი ბავშვების უმწეო მდგომარეობა“.
ნოვაკმა აღნიშნა, რომ შეცდომის დაშვების შემთხვევაში ქვეყნის პრეზიდენტი ვალდებულია პასუხი აგოს, პატიება ითხოვა და განაცხადა, რომ არ თვლის საკუთარ თავს უფლებამოსილად ფიცის შესაბამისად განაგრძოს მოვალეობების შესრულება.
წესების მიხედვით, ნოვაკმა პარლამენტს თავისი გადაწყვეტილება წერილობით უნდა აცნობოს. უნგრეთის პარლამენტის საგაზაფხულო სესია 26 თებერვალს დაიწყება, რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. თუ ეროვნული კრება მიიღებს პრეზიდენტის გადადგომას, ის ვალდებული იქნება ახალი არჩევნები 30 დღის ვადაში დანიშნოს, ამ დროის განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარე ლასლო კოვერი გახდება სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი. პრეზიდენტის ასარჩევად კანდიდატს მხარი უნდა დაუჭიროს დეპუტატების არანაკლებ 2/3-მა.