თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. „ტენერიფეს“ ქართველი კალათბურთელი გიორგი შერმადინი იანვარში ესპანეთის ჩემპიონატის „ყველაზე ღირებული მოთამაშე“ (MVP) გახდა, იუწყება ესპანეთის საკალათბურთო ლიგა Liga Endesa-ს ოფიციალური ვებგვერდი.
იანვარში გიორგი შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 24,3 შეადგინა, ხოლო საშუალოდ 17,3 ქულას, 8,3 მოხსნასა და 1,3 შედეგიან გადაცემას აგროვებდა თამაშში.
„ტენერიფემ“ ესპანეთის ჩემპიონატში სამი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა კალათბურთელმა ყველაზე შედეგიანი მატჩი გამართა „ხუვენტუდის“ წინააღმდეგ, როცა 27 წუთში 21 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა.
გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის თვის ყველაზე ღირებული მოთამაშე მე-12-ედ გახდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.
ამ დროისთვის „ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატში მეშვიდე ადგილზეა - 11 გამარჯვებითა და ცხრა წაგებით.
გიორგი შერმადინი ჩემპიონატის ლიდერ „ბარსელონასთან“ გასული ტურის თამაშშიც MVP გახდა - იმ შეხვედრაში მან 22 ქულა დააგროვა.