თბილისი, 11 თებერვალი - Sputnik. რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში ოთხი პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის საქმეზე ბრალდებულს, გიორგი ორველაშვილს და მის ძმას, გოგიტა ორველაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
შემთხვევა მიმდინარე წლის 9 თებერვალს რუსთავში მოხდა. გამოძიების მიხედვით, 36 წლის მამაკაცმა ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც ოთხი პირი გარდაიცვალა და ერთი დაიჭრა. გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძაა, დაჭრილი კი ბიძაშვილი. სამართალდამცავებმა 10 თებერვალს მკვლელობაში ბრალდებულის ძმაც დააკავეს. იარაღი, საიდანაც გასროლა განხორციელდა, გიორგი ორველაშვილის ძმის იყო.
საქმის პროკურორის, ქეთევან სონიძის განცხადებით, დანაშაულის მოტივი შურისძიება იყო. კერძოდ, ბრალდების მხარის ინფორმაციით, ბრალდებული გიორგი ორველაშვილი ბაზარში ბიძასთან მუშაობდა. მათ შორის კონფლიქტის გამო ბიძამ ის სამსახურიდან გაათავისუფლა, რის შემდეგაც დანაშაული მოხდა.
ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, დანაშაულის მასშტაბებიდან გამომდინარე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების გარდა სხვა მოლოდინი სასამართლოსგან დაცვის მხარეს არც ჰქონია.
„გიორგი ორველაშვილი მოტივებზე არ საუბრობს. ჩემთვის უცნობია თუ რა მიზნით ჩაიდინა მან ეს დანაშაული. სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში არ იყო, ვინაიდან შემთხვევა დილის საათებში მოხდა“, - განაცხადა ადვოკატმა.
გიორგი ორველაშვილს ბრალად ედება რუსთავში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ოთხი პირის განზრახ მკვლელობა და ერთი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ხოლო გოგიტა ორველაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე აქვს ბრალი წაყენებული.
შემდეგი სასამართლო სხდომა 5 აპრილისთვის ჩაინიშნა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბიძამ, რომელიც ბაზარში ხორცპროდუქტებს ჰყიდდა, წინა დღეს მასთან დასაქმებული ძმისშვილი გაათავისუფლა, რაც მკვლელობის მიზეზი გახდა. კიდევ ორი ადამიანი „ბრმა ტყვიის" მსხვერპლი გახდა, მეოთხე გარდაცვლილი კი ტაქსის მძღოლია, რომელმაც ბოროტმოქმედს შემთხვევის ადგილიდან წაყვანაზე უარი უთხრა.