თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს სურს დროის გაყვანა საპარლამენტო არჩევნებამდე, რის შემდეგაც ის საპნის ბუშტივით გაქრება პოლიტიკური ასპარეზიდან, განაცხადა ოპოზიციური პარტია „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ.
6 თებერვალს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს ერთი იდეის - ევროკავშირში ინტეგრაციის - გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა. ამისათვის იგი აპირებს შექმნას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ და გახსნას პრეზიდენტის აპარატთან არსებული საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას.
„მგონი, პრეზიდენტს დროის გაყვანა უნდა, რომ არჩევნებამდე მიგორდეს, რათა მის მიმართ ნაკლები პრეტენზია არსებობდეს და ალაგ-ალაგ ოპოზიციაში გულუბრყვილო ხალხი იყოს, ვინც მას შეაქებს, როგორც ოპოზიციონერს. არჩევნებამდე მივგორდებით და საპნის ბუშტივით გაქრება ქალბატონი სალომე და მისი პრეზიდენტობა“, - განაცხადა ხვიჩიამ.
ოპოზიციონერის თქმით, სალომე ზურაბიშვილი და გიორგი მარგველაშვილი „ქართული ოცნების“ ორი პრეზიდენტი იყვნენ, რომელთაგან არაფერი დარჩება საქართველოს ისტორიაში.
ამასთან, პრეზიდენტთან თანამშრომლობაზე მზადყოფნა ოპოზიციის ნაწილმა, მათ შორის „ნაცმოძრაობამ" გამოთქვა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს პირველად აირჩევენ ახალი სისტემით: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%. პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
2023 წლის წინასწარი გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.