მიწების რეგისტრაციის შედეგად მილიონ ჰექტარის საკუთრების საკითხი გადაიჭრება

იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024 წლის ბოლოს დასრულდება.
Sputnik
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეგისტრაციის პროცესი მილიონ ჰექტარზე საკუთრების საკითხის მოგვარებას შეუწყობს ხელს, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
2019 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა მიწის ნაკვეთების სისტემური და სპორადული რეგისტრაციის კონცეფცია. სისტემური დამოკიდებულებისას კონკრეტულ რაიონში არსებული ყველა მიწის ნაკვეთი საკადასტრო წიგნში ერთდროულად შედის, ხოლო სპორადული დამოკიდებულების შემთხვევაში რეგისტრაცია მოთხოვნის მიხედვით ტარდება.
„დასრულდება მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით, რის შედეგადაც მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების ვინაობა ერთხელ და სამუდამოდ გაირკვევა - არის ეს სახელმწიფო, მუნიციპალიტეტი, ფიზიკური თუ იურიდიული პირები, და შესაბამისად, დღეს არსებული პრობლემები, რაც, მილიონ ჰექტარზე არსებობს, ერთხელ და სამუდამოდ, როგორც უკვე ვახსენეთ, გადაიჭრება“ - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024 წლის ბოლოს დასრულდება.
„მიწის სისტემური რეგისტრაციის დასრულების შემდეგ სახელმწიფოს შესაძლებლობა ექნება, უფრო ეფექტურად წარმართოს მიწის ადმინისტრირების და მიწით სარგებლობის პოლიტიკა, ასევე შეეწყობა ხელი არსებული ბუნებრივი რესურსის ბაზისა და დაცული ტერიტორიების დაცვასა და შენახვას“, - განაცხადა ბრეგაძემ.
რეფორმის ფარგლებში მიწის რეგისტრაციის პროცედურები 2016 წლის 1 აგვისტოდან გამარტივდა. მისი მიზანია მფლობელთა უფლებების დაცვა. მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია შესაძლებელია იუსტიციის სახლებში, საჯარო რეესტრის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.