ილია მეორემ ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა

პატრიარქმა აღნიშნა, რომ ეს მეტად საპატიო თანამდებობაა და, ამასთან, დიდი პასუხისმგებლობაცაა
Sputnik
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა და ქვეყნის საკეთილდღეოდ წარმატებები უსურვა.
საქართველოს პარლამენტმა 8 თებერვალს ირაკლი კობახიძეს, მის მიერ წარდგენილ მთავრობას და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ ნდობა გამოუცხადა. მას მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 10 დეპუტატი. იმავე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას და მან მთავრობის მეთაურის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა.
„ინებოს ღმერთმა, თქვენი მოღვაწეობა იყოს მშვიდობის, კეთილდღეობისა და შემდგომი წარმატებების მომტანი საქართველოსთვის. გისურვებთ ღვთის მფარველობასა და შეწევნას ჩვენი ერისა და ქვეყნის სამსახურად“, – აღნიშნულია პატრიარქის მილოცვაში, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნდა.
პატრიარქმა ასევე აღნიშნა, რომ ეს მეტად საპატიო თანამდებობაა და, ამასთან, დიდი პასუხისმგებლობაც, მით უმეტეს, ასეთ რთულ დროს.
ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ წარადგინა, როგორც პარტიამ, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ყველაზე მაღალი შედეგი მიიღო. პარტიამ კობახიძის კანდიდატურა მას შემდეგ დაასახელა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული პოსტი დატოვა და პარტიას ჩაუდგა სათავეში.