ვაჟა აზარაშვილს მახათას პანთეონში დაკრძალავენ

კომპოზიტორს, რომელმაც ქართულ კულტურას ჟანრობრივად მრავალფეროვანი შემოქმედება დაუტოვა, ქაშუეთის ტაძრიდან გამოასვენებენ.
Sputnik
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. ცნობილ ქართველ კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილს 10 თებერვალს თბილისში, მახათას პანთეონში დაკრძალავენ.
კომპოზიტორის ნეშტს ქაშუეთისეკლესიიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ.
ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პედაგოგი ვაჟა აზარაშვილი 87 წლის ასაკში 7 თებერვალს გარდაიცვალა.
არაერთი ცნობილი მუსიკალური კომპოზიციის ავტორი 1936 წლის 13 ივლისს თბილისში დაიბადა.
ვაჟა აზარაშვილმა 1961 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1961 წლიდან, შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობასაც. 1971 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი (1988); 1994 წელს გახდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი.
აზარაშვილმა ქართულ კულტურას ჟანრობრივად მრავალფეროვანი შემოქმედება დაუტოვა, მას ეკუთვნის როგორც სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული და საესტრადო ნაწარმოებები, ისე მიუზიკლები. კომპოზიტორი ხშირად ქმნიდა მუსიკას ცნობილი კლასიკოსი პოეტების ლექსებზე.
კომპოზიტორმა მრავალი სიმღერა მიუძღვნა მშობლიურ თბილისს, მათ შორის — „თბილისური ლირიკული", „სიმღერა თბილისზე“, „სიმღერა მეტეხზე“, საყოველთაო პოპულარობით სარგებლობს მისი სიმღერები — „მუსიკა“, „დღეები მიდიან“, „პატარა გოგო“, „მზე ჩემი მეგობარია“, „ისევ წვიმს“, „სიმღერაა მთელი ჩემი ქონება“, „დინამო, დინამო!“ და სხვ.
ვაჟა აზარაშვილს ქართულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის მრავალი საპატიო წოდება და პრემია მიენიჭა. არის საქართველოს სსრ-ის კომკავშირის (1974), საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭოს (1982), იაკობ გოგებაშვილის სახელობის (1998), ზაქარია ფალიაშვილის სახელობისა (2003) და საქართველოს სახელმწიფო პრემიების (2004) ლაურეატი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979), საქართველოს სახალხო არტისტი (1988), ღირსების ორდენის კავალერი (1998), თბილისის საპატიო მოქალაქე (1999).