თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრის ტერიტორიაზე სროლის დროს დაჭრილი 26 წლის მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიშია, განაცხადა ჟურნალისტებთან კლინიკა „რუსთავის" ექიმმა ხათუნა რევაზიშვილმა.
შსს-ს ინფორმაციით, 36 წლის მამაკაცმა ბაზრის ტერიტორიაზე რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც ოთხი პირი გარდაიცვალა და ერთი დაიჭრა. გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძაა, დაჭრილი კი ბიძაშვილი.
„პაციენტი შემოყვანილია ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი, მცირე ზომის ჭრილობებით სხეულის სხვადასხვა მიდამოში. მისი მდგომარეობა ფასდება, როგორც მძიმე. ახლა ლაბორატორიული მკურნალობა უტარდება და სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება", - განაცხადა რევაზიშვილმა.
მისი თქმით, შესაძლოა ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო, რადგანაც მამაკაცს მცირე ზომის ჭრილობები აღენიშნება გულ-მკერდზე, სახეზე, მუცელზე, ბარძაყის წინა ზედაპირზე და მარჯვენა ზემო კიდურზე.
რაც შეეხება ინციდენტს, ერთი ვერსიით, ბიძამ, რომელიც ბაზარში ხორცპროდუქტებს ჰყიდდა, წინა დღეს მასთან დასაქმებული ძმისშვილი გაათავისუფლა, რაც მკვლელობის მიზეზი გახდა. კიდევ ორი ადამიანი „ბრმა ტყვიის" მსხვერპლი გახდა, მეოთხე გარდაცვლილი კი ტაქსის მძღოლია, რომელმაც ბოროტმოქმედს შემთხვევის ადგილიდან წაყვანაზე უარი უთხრა.
მეორე ვერსიის თანახმად კი მამაკაცმა ბიძას ხორცის ნისიად მიყიდვა სთხოვა, რაზეც უარი მიიღო.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული.