სოსო ჯაჭვლიანს 13 თებერვალს დაკრძალავენ

მსახიობს 12 თებერვალს ქაშუეთის ტაძარში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
Sputnik
თბილისი, 9 თებერვალი– Sputnik. ცნობილ ქართველ მსახიობსა და რეჟისორს, ყოფილ დეპუტატსა და მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტ სოსო ჯაჭვლიანს 13 თებერვალს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
65 წლის სოსო ჯაჭვლიანი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში 8 თებერვალს გარდაიცვალა - იგი ბოლო პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა.
მსახიობს 12 თებერვალს ქაშუეთის ტაძარში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
სოსო ჯაჭვლიანი 1958 წლის 5 ივნისს დაიბადა. 1978 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდის ინსტიტუტი, 1991 წელს კი - თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი.
სოსო ჯაჭვლიანი იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის რეჟისორი, საერთაშორისო კინოფესტივალების ჯილდოების მფლობელი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში.
მსახიობი გადაღებულია ფილმებში: „ნატვრის ხე“, „ამაღლება“, „ძმა“, „სიბრძნის კარავი“, „სამი ალიყური“, „თეთრი ბაირაღები“, „უძინართა მზე“, „სვანი“, „მაიტა ნასოსი“ და სხვ. არის დამდგმელი რეჟისორი ფილმებისა „ჩემი პირველი სიყვარული“, „მანიაკები? ფანატიკები?“, „სვანი“, „მაიტა ნასოსი“.
სოსო ჯაჭვლიანი 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის გლდანის მაჟორიტარი).