თბილისი, 9 თებერვალი— Sputnik. ენერგოგამანაწილებელი კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას" თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი".
6 თებერვალს „ენერგო- პრო ჯორჯიამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ძლიერმა ქარმა, წვიმამ და თოვლმა დასავლეთ საქართველოში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების და ფიდერების ნაწილი დააზიანა.
კომპანიის ტექნიკური სამსახურის დამატებითი ბრიგადები მცხეთა-მთინეთიდან, ქვემო ქართლიდან, კახეთიდან და სამცხე-ჯავახეთიდან სტიქიის ადგილებზე გაიგზავნა.
კახეთის რეგიონიდან კომპანიის ოთხი თანამშრომელი იმერეთში, საჩხერის რაიონში სტიქიის შედეგად არსებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოების შესრულების დროს ელექტრობოძი გადატყდა, რასაც 48 წლის შალვა ხატიაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ბოლო დღეებში საქართველოს რეგიონებში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. უხვი ნალექის შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა და ზვავებმა იმერეთსა და აჭარაში 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.