საქართველოში ინფლუენსერებისთვის ახალ წესებს შეიმუშავებენ

სავალდებულო გახდება მინიშნების გაკეთება, რომ კონკრეტული პროდუქტის შექმნისთვის ინფლუენსერმა კომპანიისგან თანხა მიიღო.
Sputnik
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ინფლუენსერი ვალდებული იქნება მინიშნება გააკეთოს, რომ ინტერნეტში ვიდეორეკლამის განთავსებისთვის თანხა მიიღო, იუწყება „პირველი არხი“.
დოკუმენტზე კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტო მუშაობს. საქმე ეხება ბლოგერების მიერ ისეთ ატვირთულ ვიდეოებს, რომლებიც შეიცავს რეკლამას. სავალდებულო გახდება მინიშნების გაკეთება, რომ კონკრეტული პროდუქტის შექმნისთვის ინფლუენსერმა კომპანიისგან თანხა მიიღო.
ინფლუენსერი - ადამიანი, ხშირად პოპულარული ბლოგერი, რომელსაც ჰყავს ლოიალური აუდიტორია, რომელიც მის აზრს ითვალისწინებს, მიჰყვება მის რჩევებსა და რეკომენდაციებს.
როგორც სააგენტოში განმარტეს, საუბარია ევროპული გამოცდილების საფუძველზე, სამოქმედო სტანდარტის გაზიარებაზე, იმ შემთხვევებისთვის, თუ მომხმარებელს ექნება პრეტენზია კონკრეტული ინფლუენსერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. მსგავსი მიდგომა ადაპტირებულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.
არანაირი დამატებითი საკანონმდებლო რეგულაციის შემოღება არ იგეგმება. მომხმარებლის დაცვის შესახებ არსებული კანონმდებლობა საკითხს სრულად ფარავს.