თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. რუსეთი მოუწოდებს სომხეთს, საჯარო თავდასხმებისა და კრიტიკის ნაცვლად, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაში (CSTO) არსებული მდგომარეობის შესახებ მსჯელობა დაიწყოს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ პანკინმა.
მისი თქმით, ორგანიზაციის წევრები დაინტერესებული არიან CSTO-ს საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესებით და მისი, როგორც სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანების ეფექტურობით, რასაც ძალიან შეუწყობდა ხელს „სომხეთის სწრაფი დაბრუნება ორგანიზაციის ფარგლებში სრულფასოვან და ნორმალურ მუშაობაში“.
„სამწუხაროდ, ჩვენი სომეხი მოკავშირეები ნამდვილად დისტანცირდნენ CSTO-სგან. მოვუწოდებთ ჩვენს ერევნელ კოლეგებს, ორგანიზაციის მიმართ საჯარო გამოხდომებისა და კრიტიკის ნაცვლად, პოლიტიკურ და ექსპერტულ დონეზე დაიწყონ მომწიფებული საკითხების განხილვა“, — განაცხადა დიპლომატმა.
როგორც პანკინმა აღნიშნა, მოსკოვში მიაჩნიათ, რომ სომხეთთან CSTO-ს ფარგლებში ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის გაგრძელება ერევნის ინტერესებს პასუხობს უსაფრთხოების სფეროში, და ამასთან ევრაზიულ სივრცეში — სამხრეთ კავკასიის ჩათვლით — მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას ემსახურება.
მანამდე სომხეთის ხელისუფლებამ არაერთხელ დაადანაშაულა CSTO და რუსეთი ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 23 ნოემბერს მინსკში CSTO-ს სამიტში მონაწილეობაზე უარი თქვა. 26 ოქტომბერს, ფაშინიანი ასევე არ დაესწრო ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და დსთ-ის მთავრობათაშორის საბჭოებს ბიშკეკში, და არც დსთ-ის სამიტს, რომელიც ბიშკეკშივე გაიმართა.
გარდა ამისა, სომხეთმა არ მიიღო მონაწილეობა მინსკში CSTO-ს თავდაცვის მინისტრთა საბჭოს სხდომაში და არც თავისი მაშველები გაგზავნა CSTO-ს ქვეყნების წვრთნებზე, რომელიც სექტემბერში გაიმართა ბელორუსიაში. მანამდე კი სომხეთის ხელისუფლებამ უარი თქვა CSTO-ს სამშვიდობო კონტიგენტების წვრთნების რესპუბლიკაში ჩატარებაზე.
მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში რუსეთის საგანგებო დავალებათა ელჩმა CSTO-ში ვიქტორ ვასილიევმა განაცხადა, რომ სომხეთის უსაფრთხოება, მათ შორის სამხედრო-ტექნიკურ სფეროში, შეუძლებელია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში თანამშრომლობის გარეშე. ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ არსებობს ამის დამადასტურებელი ინფორმაცია, მაგრამ მისი გამხელა არ შეუძლია.
ვასილიევის თქმით, რუსეთი კარგად ხედავს დასავლეთის ქვეყნების მცდელობებს, გამოიყენონ სომხეთში არსებული ვითარება არა მხოლოდ იქ, არამედ მთელ კავკასიაში სიტუაციის დასაძაბად, და მოუწოდა სომხეთს, ყურადღება გაამახვილონ ამ ფაქტზე.