მეწყერი, ზვავი, წყალდიდობა - საქართველო სტიქიის შედეგებს ებრძვის

აღდგენითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
Sputnik
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ორდღიანი ნალექიანი ამინდის შემდეგ საქართველოში გამოიდარა და შესაბამისმა მუნიციპალურმა სამსახურებმა იმ ადგილებში, სადაც მეწყერის ან ზვავსაშიშროების გამო მუშაობა შეუძლებელი იყო, აღდგენითი სამუშაოები დაიწყეს.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, აჭარის მაღალმთიანეთში როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური დანიშნულების საავტომობილო გზების გაწმენდისა და აღდგენის მიზნით აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.
მაღალმთიანი აჭარის ცალკეულ რაიონებში დაზიანებულია ელექტროინფრასტრუქტურა. ამ დროისთვის ქედის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია. გეოლოგებმა აქ მუშაობა დღეს დაიწყეს. აჭარა ერთ-ერთია იმ რეგიონებიდან, რომელიც უამინდობამ განსაკუთრებით დააზარალა - სტიქიას ხულოსა და ქედაში ორი ადამიანი ემსხვერპლა.
სასიკვდილო მეწყერი ბაღდათში: მაშველებმა მეცხრე ცხედარი იპოვეს>>>
რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ხობის რაიონს, აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სავარაუდოდ, დღის ბოლომდე ყველა აბონენტი ელექტროენერგიით იქნება უზრუნველყოფილი. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია ასზე მეტი ოჯახი.
ცაგერის რაიონში ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. მუნიციპალური სამსახურის წარმომადგენლები ტერიტორიას თოვლისგან წმენდენ, „ენერგო-პრო-ჯორჯიას" თანამშრომლები კი დაზიანებულ ელექტროგადამცემ ხაზებს აღადგენენ.
ყველაზე დამანგრეველი მეწყერი იმერეთში, ბაღდადის რაიონში ჩამოწვა. სოფელ ნერგეეთში მეწყერმა მთლიანად მოიყოლა და დაანგრია ოთხი სახლი და გადაკეტა ცენტრალური საავტომობილო გზა ხანისწყლის ხეობის მარჯვენა ფერდობზე. სტიქიის დროს სახლებში ათი ადამიანი იმყოფებოდა. ერთის გადარჩენა მოხერხდა, ცხრა კი დაიღუპა.
სტიქიის ზონაში 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობით, მცურავი საშუალებებით, ტექნიკითა და დრონებით ახორციელებდა სამძებრო სამუშაოებს. ძებნა-შველის ღონისძიებაში ჩართული იყო კინოლოგთა ჯგუფიც.