დარჩიაშვილი: თბილისი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების პლატფორმა გახდება

საქართველო გააგრძელებს ძალისხმევას სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, თანამშრომლობისა და სტაბილურობის ხელშესაწყობად.
Sputnik
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისთვის და დაინტერესებულია, რომ თბილისი გახდეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების პლატფორმა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.
საქართველოს მთავრობა ახალი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დროს გააგრძელებს მუშაობას სამხრეთ კავკასიის როლის გასაძლიერებლად მსოფლიო ასპარეზზე. სამთავრობო პროგრამა სახელწოდებით „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ და ასევე მთავრობის ახალი შემადგენლობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტს პარასკევს, 2 თებერვალს წარუდგინა.
„რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის კუთხით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა საქართველოს მიერ მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივის წამოწყებით. მზად ვართ, გავაგრძელოთ ჩვენი ჩართულობა ამ მიმართულებით ჩვენი მეზობელი ქვეყნების საჭიროების შესაბამისად. ჩვენ გვინდა, რომ თბილისი მომავალშიც იყოს ადგილი ჩვენი მეზობლებისთვის, სადაც მათ შეეძლებათ განიხილონ ნებისმიერი აქტუალური თემა, რომელიც ხელს შეუწყობს მხარეებს შორის ნდობის ჩამოყალიბებას,“ - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად რეგიონში არსებული რთული ვითარებისა, საქართველო ატარებდა დაბალანსებულ პოლიტიკას და არაერთხელ შეუწყო ხელი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კომუნიკაციას. საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა გააგრძელოს მშვიდობასა და სტაბილურობაზე დაფუძნებული კეთილმეზობლობის პოლიტიკა.
ახალი სამთავრობო პროგრამის „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ თანახმად, საქართველო გააგრძელებს ძალისხმევას სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, თანამშრომლობისა და სტაბილურობის ხელშესაწყობად.
სამხრეთ კავკასიის გაძლიერება საქართველოს პოლიტიკის პრიორიტეტია - ახალი მთავრობის პროგრამა>>>
ამ კუთხით მნიშვნელოვანი იქნება როგორც თურქეთთან, ასევე აზერბაიჯანსა და სომხეთთან ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების არსებული მაღალი დინამიკის შენარჩუნება და გაძლიერება.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის იმუშაოს სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად და შესთავაზა თბილისი, როგორც მოლაპარაკებების პლატფორმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოსაგვარებლად.
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივით" 2021 წლის დეკემბერში გამოვიდა. მან სომხეთსა და აზერბაიჯანს არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა შესთავაზა. 2022 წლის ივლისში თბილისში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა.
უკვე 2023 წლის ოქტომბერში ყარაბაღის მოვლენების შემდეგ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები ალი ასადოვი და ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში პირისპირ პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.