თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. ყაზახური ავიაკომპანია SCAT 2024 წლის 8 ივნისიდან განაახლებს რეგულარულ ფრენებს ასტანა-ბათუმის მიმართულებით, ნათქვამია ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის კომიტეტის განცხადებაში.
უწყების ცნობით, ასტანადან ბათუმის მიმართულებით რეისები კვირაში ორჯერ (სამშაბათს და ხუთშაბათს) Boeing 737-ის ტიპის თვითმფრინავით განხორციელდება.
მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წლის ივლისიდან ფრენების სიხშირე კვირაში სამამდე გაიზრდება.
უწყების ცნობით, რეგულარული ფრენების დაწყება ხელს შეუწყობს ყაზახეთსა და საქართველოს შორის ტურიზმის, კულტურული და ბიზნეს თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.
„ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის კომიტეტი ყაზახურ და უცხოურ ავიაკომპანიებთან ერთად მუდმივად მუშაობს საერთაშორისო ფრენების რაოდენობის გაზრდის მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.
SCAT საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2006 წლიდან რეგულარულად ოპერირებს.
საქართველომ და ყაზახეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტის და სოფლის მეურნეობის სფეროებში. ყაზახეთი მრავალი წლის განმავლობაში იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი, რომელიც ინვესტიციებს ახორციელებდა ენერგეტიკისა და ტურიზმის სექტორებში.
სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ყაზახეთის 130 ათასამდე მოქალაქე ეწვია, 31,2%-ით მეტი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.