თბილისი, 8 თებერვალი - Sputnik. სტიქიას საქართველოს კიდევ ორ მუნიციპალიტეტში ებრძვიან - ხაშურისა და ხარაგაულის მინიციპალიტეტებში დღეს მეწყერი ჩამოწვა.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ცნობით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში მთის მასა იმ ადგილას ჩამოწვა, სადაც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. დაშავებული არავინაა, თუმცა დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია.
„ხმაური გავიგეთ და გავაღეთ კარი გვერდით ოთახის. ლამი მოდიოდა და გავიქეცით", - თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ტელეკომპანიასთან საუბარში.
„TV პირველის“ ცნობით, ხარაგაულის რაიონის სოფელ საქასრიაში სტიქიის შედეგად სახლებს სახურავები აქვს გადახდილი და დაზიანებულია სამეურნეო ნაკვეთები. გზები ხეებით არის ჩახერგილი და ადგილობრივები თავისუფლად გადაადგილებას ვერ ახერხებენ.
ადგილობრივების ცნობით, სხვა სოფლებში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარების გამო, ყველა მძიმე ტექნიკა დაკავებული არის. აქედან გამომდინარე, საქასრიაში ტრაქტორის ჩაყვანა და გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება ვერ ხერხდება.
ბოლო დღეებში საქართველოში მეწყერი რამდენიმე მუნიციაპილტეტში ჩამოწვა, მათგან ყველაზე დამანგრეველი 7 თებერვალს იმერეთში, ბაღდადის რაიონში იყო. სოფელ ნერგეეთში მეწყერმა მთლიანად მოიყოლა და დაანგრია ოთხი სახლი და გადაკეტა ცენტრალური საავტომობილო გზა ხანისწყლის ხეობის მარჯვენა ფერდობზე. სტიქიის დროს სახლებში ათი ადამიანი იმყოფებოდა. ერთის გადარჩენა მოხერხდა, ცხრა კი დაიღუპა.
უხვი ნალექის გამო, 7 თებერვალს მეწყრული პროცესები განვითარდა ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამშიც, ე.წ ზინდისის დასახლებაში მეწყრის მიერ ჩამოტანილი ქვა-ღორღი და ლამი საცხოვრებელ სახლებთან გაჩერდა. მას ნგრევა ან სხვა ტიპის ზარალი არ გამოუწვევია.
ორი დღით ადრე მაღალმთიან აჭარაში ჩამოწოლილ მეწყერს და ზვას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.