მსოფლიო დღეს

აშშ-ის სენატმა დაბლოკა კანონპროექტი, რომელიც უკრაინის დახმარებას ითვალისწინებდა

Sputnik
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის სენატში დაიბლოკა კანონპროექტი, რომელიც 118 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დასახმარებლად და ასევე მექსიკასთან საზღვარზე უსაფრთხოების ზომებისა და მიგრაციული პოლიტიკის გასამკაცრებლად.
ამ თანხიდან 60 მილიარდზე მეტი უკრაინის დახმარებას უნდა მოხმარებოდა.
დოკუმენტს, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში მუშავდებოდა, 60 სენატორის ხმა ესაჭიროებოდა იმისათვის, რომ ის საბოლოო კენჭისყრაზე გასულიყო. არსებული ცნობით, მას მხოლოდ 49 სენატორმა დაუჭირა მხარი. მოწინააღმდეგე 50 სენატორიდან 44 რესპუბლიკელი იყო.
როგორც აღინიშნება, ასეთი შედეგი მოსალოდნელიც იყო, მიუხედავად იმისა, რომ სენატში დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა 4 თებერვალს შეთანხმებას მიაღწიეს. სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელებს მოუწოდა, არ წასულიყვნენ კომპრომისზე და უარი ეთქვათ კანონპროექტის მხარდაჭერაზე. ტრამპი, დიდი ალბათობით, რესპუბლიკელების კანდიდატი იქნება საპრეზიდენტო არჩევნებში.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჯერ კიდევ 6 თებერვალს განაცხადა, რომ სენატში მიღწეული ორპარტიული შეთანხმება შესაძლოა დონალდ ტრამპის პოლიტიკური ზეწოლის გამო ჩაშლილიყო.
გავრცელებული ინფორმაციით, დემოკრატები უახლოეს ხანში ისეთი კანონპროექტის წარდგენას აპირებენ სენატისთვის, რომელშიც საზღვრის საკითხი აღარ იქნება შესული და მხოლოდ უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარებას შეეხება. როგორც ამერიკული მედია წერს, არსებობს თეორიული შანსი იმისა, რომ ასეთმა პროექტმა ხმათა საკმარისი რაოდენობა მიიღოს.