სასიკვდილო მეწყერი ბაღდათში: მაშველებმა მეცხრე ცხედარი იპოვეს

მეწყერმა ცხრა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათგან სამი არასრულწლოვანია.
Sputnik
თბილისი, 8 თებერვალი - Sputnik. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მეხანძრე-მაშველებმა მეცხრე ადამიანის ცხედარი იპოვეს.
მეწყერი სოფელ ნერგეეთში, რობაქიძეების უბანში 7 თებერვალს, დაახლოებით ღამის ორ საათზე ჩამოწვა და 4 საცხოვრებელი სახლი მოიყოლა.
სტიქიის დროს სახლებში ათი ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა მათგან მხოლოდ ერთი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. დანარჩენების სამძებრო ღონისძიებები ორი დღის განმავლობაში ხორციელდებოდა.
სტიქიის ზონაში 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობით, მცურავი საშუალებებით, ტექნიკითა და დრონებით ახორციელებდა სამძებრო სამუშაოებს. ძებნა-შველის ღონისძიებაში ჩართული იყო კინოლოგთა ჯგუფიც.