სასიკვდილო მეწყერი ბაღდათში - სტიქიური უბედურების მიზეზები და მასშტაბი

სამ დღეში რაიონში მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობამ თებერვლის თვის კლიმატური ნორმის 50-80%-ს შეადგინა
Sputnik
თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. მეწყერი, რომელმაც ბოლო მონაცემებით, ბაღდათის რაიონის სოფელ ნერგეეთში ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ბოლო დღეებში მოსული უხვი ნალექის გამო ჩამოწვა, ნათქვამია საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
მეწყერმა მთლიანად მოიყოლა და დაანგრია ოთხი სახლი და გადაკეტა ცენტრალური გზა ხანისწყლის ხეობის მარჯვენა ფერდობზე. სტიქიის დროს სახლებში ათი ადამიანი იმყოფებოდა. ერთის გადარჩენა მოხერხდა, ექვსი დაიღუპა, სამს კი ამ დრომდე ეძებენ.
კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესი მდინარე ხანისწყლის ხეობის მარჯვენა ფერდობზე 7 თებერვალს ჩაისახა და გააქტიურდა.
რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან. კერძოდ, ქუთაისში, ზესტაფონში და დიმში მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით, მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობამ 80-100მმ შეადგინა, რაც თებერვლის თვის კლიმატური ნორმის 50-80%-ს შეადგენდა.
მეწყერი განვითარდა ფერდობის ქვედა ნაწილში, ძლიერ ციცაბოდ დახრილ ზედაპირზე (60-65°), ფერდობის ამგებ ძლიერ გამოფიტულ ტუფქვიშაქვებში, ტუფებში და არგილეტებში (ზეკარის წყება). მეწყრული მოწყვეტის ფლატის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრის სიგანე ზედა ნაწილში 20-25 მეტრია, ხოლო ქვედა ნაწილში 90-100 მ. დინამიკაში მოსული მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა შეადგენს 150 ათას კუბომეტრს.