საქართველოს პირველი პირები ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ

აზარაშვილმა ქართულ კულტურას ჟანრობრივად მრავალფეროვანი შემოქმედება დაუტოვა.
Sputnik
თბილისი, 7 თებერვალი - Sputnik. საქართველოში ცნობილი ქართველი მუსიკოსის, კომპოზიტორისა და პედაგოგის, ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვეს.
ქართველი კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და მისი ოჯახის წევრებს, მეგობრებს და სრულიად საქართველოს მიუსამძიმრა.
„მის მიერ შექმნილი უკვდავი კომპოზიციების წყალობით, ბატონი ვაჟა მარად დარჩება საქართველოს მომავალი თაობების მეხსიერებაში, როგორც დიდი მოღვაწე და შემოქმედი“, - დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმაც.
„ვაჟა აზარაშვილი თავისი უკვდავი კომპოზიციების წყალობით ქართული საზოგადოების არაერთმა თაობამ შეიყვარა და მას საპატიო ადგილი აქვს დამკვიდრებული ქართულ კულტურაში.სამძიმარს ვუცხადებ დიდი კომპოზიტორის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებს და სრულიად კულტურის სფეროს ამ დანაკარგის გამო“, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის სამძიმრის წერილში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ კომპოზიტორის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ვაჟა აზარაშვილმა თავისი ჟანრობრივად მრავალფეროვანი შემოქმედებით წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ კულტურაში.
„ვაჟა აზარაშვილი იყო არაერთი ცნობილი მუსიკალური კომპოზიციის ავტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი და თბილისის საპატიო მოქალაქე. სამძიმარს ვუცხადებ ვაჟა აზარაშვილის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და ქართულ საზოგადოებას“, – განაცხადა კობახიძემ.
ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმაც.
„ბატონი ვაჟას მრავალმხრივმა შემოქმედებამ, მაღალი პროფესიონალიზმითა და განუმეორებელი ხელწერით გამორჩეულმა სიმფონიურმა, საესტრადო თუ კამერულმა მუსიკამ მსმენელთა არაერთი თაობის სიყვარული დაიმსახურა და განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ქართულ მუსიკალურ საგანძურში“, - დაწერა ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში.
არაერთი ცნობილი მუსიკალური კომპოზიციის ავტორი ვაჟა აზარაშვილი1936 წლის 13 ივლისს თბილისში დაიბადა.
ვაჟა აზარაშვილმა 1961 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1961 წლიდან, შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობასაც. 1971 წლიდან იყო ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი (1988); 1994 წელს გახდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი.
აზარაშვილმა ქართულ კულტურას ჟანრობრივად მრავალფეროვანი შემოქმედება დაუტოვა, მას ეკუთვნის როგორც სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული და საესტრადო ნაწარმოებები, ისე მიუზიკლები. კომპოზიტორი ხშირად ქმნიდა მუსიკას ცნობილი კლასიკოსი პოეტების ლექსებზე.
კომპოზიტორმა მრავალი სიმღერა მიუძღვნა მშობლიურ თბილისს, მათ შორის — „თბილისური ლირიკული", „სიმღერა თბილისზე“, „სიმღერა მეტეხზე“, საყოველთაო პოპულარობით სარგებლობს მისი სიმღერები — „მუსიკა“, „დღეები მიდიან“, „პატარა გოგო“, „მზე ჩემი მეგობარია“, „ისევ წვიმს“, „სიმღერაა მთელი ჩემი ქონება“, „დინამო, დინამო!“ და სხვ.
ვაჟა აზარაშვილს ქართულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის მრავალი საპატიო წოდება და პრემია მიენიჭა. არის საქართველოს სსრ-ის კომკავშირის (1974), საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭოს (1982), იაკობ გოგებაშვილის სახელობის (1998), ზაქარია ფალიაშვილის სახელობისა (2003) და საქართველოს სახელმწიფო პრემიების (2004) ლაურეატი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979), საქართველოს სახალხო არტისტი (1988), ღირსების ორდენის კავალერი (1998), თბილისის საპატიო მოქალაქე (1999).