თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. საქართველო დაინტერესებულია ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის შენარჩუნებით სულ მცირე ჰუმანიტარული საკითხების გადასაწყვეტად, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ილია დარჩიაშვილმა.
პარლამენტის კომიტეტების სხდომაზე დეპუტატი პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი“ სოციალისტებიდან“ ფრიდონ ინჯია გამოვიდა წინადადებით, შეიქმნას საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დიალოგის ერთადერთი ფორმატის – ჟენევის მოლაპარაკებების ალტერნატიული ფორმატი ჩინეთის მონაწილეობით, რადგანაც 15 წლის განმავლობაში არანაირი პროგრესი არ ყოფილა მიღწეული.
„მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთადერთი პლატფორმა, სადაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელია წარმოდგენილი და ჩვენს სხვა პარტნიორებთან ერთად ისინიც იღებენ მონაწილეობას და ამიტომ ეს პლატფორმა დღევანდელი გადასახედიდან, ვფიქრობთ, რომ შესანარჩუნებელია. ჩვენი მთავარი მიზანია, შევეცადოთ ჰუმანიტარული საკითხები გადავწყვიტოთ ამ დიალოგის ფარგლებში“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს, აგრეთვე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები. ამჟამად ეს საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დიალოგის ერთადერთი ფორმატია.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომელსაც ქვეყნების სპეცწარმომადგენლები მართავენ.
რაც შეეხება საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობებს, 2023 წლის 31 ივლისს ქვეყნებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ. დოკუმენტი ოთხ ასპექტს მოიცავს – პოლიტიკურს, ეკონომიკურს, ეროვნებათაშორისსა და კულტურულს, ასევე საერთაშორისოს.