რაზე მეტყველებს თქვენი ავატარის ფოტო: ფსიქოთერაპევტის განმარტება

Sputnik
თბილისი, 7 თებერვალი − Sputnik. სოციალურ ქსელებში ამა თუ იმ მომხმარებლის ავატარად დაყენებული ფოტო საკმაოდ ზუსტ ინფორმაციას იძლევა მის მფლობელზე, აცხადებენ ფსიქოლოგები.
სპეციალისტებმა თავიანთი პაციენტების ავატარები შეისწავლეს და საინტერესო დასკვნა გააკეთეს: თურმე, არსებობს ადამიანთა ექვსი ძირითადი ტიპაჟი, კატეგორია, რომლებიც გარკვეულ ფოტოებს ირჩევენ.

როგორც ფსიქოთერაპევტები განმარტავენ, ეს სამეცნიერო კლასიფიკაციად ვერ ჩაითვლება, თუმცა საფიქრალ თემად კი გამოდგება.

ვნახოთ, როგორია ეს ტიპაჟები.

ისინი, ვინც ავატარად ირჩევენ:

უსულო საგნებს, მაგალითად, წიგნს, მუსიკალურ ინსტრუმენტს, ყვავილებს თუ ზღვის პეიზაჟს − დიდი ალბათობით ცუდად იცნობენ საკუთარ თავს, არ აქვთ მკაფიო წარმოდგენა თავიანთ პიროვნულ თვისებებზე. უფრო მეტიც, შესაძლოა უგულებელყოფდნენ კიდეც საკუთარ თავს და არ იღებდნენ მას.
ცხოველების, ფილმის, ანიმაციური თუ ნებისმიერი გამოგონილი გმირის ფოტოებს − გამოირჩევიან ინფანტილიზმით. მიაჩნიათ, რომ გარემომცველი სამყარო სასტიკია და უსამართლო. ამასთან, არ სურთ აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე.
მართალია, მათთან ურთიერთობა იმაზე ნაკლებ პრობლემატურია, ვიდრე ზემოთ ნახსენები პირველი კატეგორიის ადამიანებთან, თუმცა მზად უნდა იყოთ, რომ მათ გამუდმებით დასჭირდებათ გამხნევება და მხარდაჭერა.
ავატარებად ამგვარი ფოტოების არჩევა იმაზე მიანიშნებს, რომ ადამიანს აქვს რაღაც გაუსაძლისი ემოცია, რომელსაც ვერ აცნობიერებს და არ იღებს. ასე ცდილობს ის ამ ემოციის გამოფრქვევას და თავისი სატკივრის ძირითადი მიზეზის წარმოჩენას.
იმისათვის, რომ ამგვარი პროფილის მფლობელს გაუგოთ, აუცილებელია კარგად დააკვირდეთ ავატარის ფოტოს და ამოიცნოთ, რომელი ემოციაა მასზე აღბეჭდილი.
სხვადასხვა რაკურსით გადაღებულ სელფის − მიანიშნებს ნარცისიზმსა და პიროვნების ანტისოციალურ რღვევაზე. მათ ძნელად გამოსდით ახლო ურთიერთობა, ნაკლებად ენდობიან ვინმეს. ურთიერთობას ისინი სარგებლის მიღების პოზიციიდან აღიქვამენ.
თუ კადრში სახის ნაწილი თმებით, სათვალით, რაიმე სხვა საგნითაა დაფარული, ან ფოტო გადაღებულია პროფილში ან ზურგიდან, ესე იგი, თქვენ წინაშეა მორცხვი და შებოჭილი პერსონა. ასეთები, შესაძლოა, დაავადებული იყვნენ სოციალური ფობიით, ან ჰქონდეთ პიროვნების რღვევა. მათი გაგება და გახსნა არცთუ მარტივი საქმეა. ამიტომ თუ ასეთებთან ახლო ურთიერთობის დამყარებას მოისურვებთ, შეეცადოთ აგრძნობინოთ თავი თქვენთან კომფორტულად და მშვიდად;
პროფესიონალთან გადაღებულ ფოტოს − ესე იგი, ადამიანისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სხვებისთვის კარგი გამოჩნდეს. ასეთები მხოლოდ ახლა იწყებენ თავიანთი ქალურობისა თუ მამაკაცურობის „განვითარებას“.
საქმე ისაა, რომ უმეტეს შემთხვევაში მათ არ იციან, როგორ უნდა მიიქციონ საპირისპირო სქესის ყურადღება და იმედი აქვთ, რომ პროფესიონალი ფოტოგრაფის თვალით დანახული „მე“ დაეხმარება მათ, უკეთ შეიცნონ საკუთარი თავი.
ჩვეულებრივი ფოტო სრულიად დაუფარავი სახით − ასეთ ავატარებს მოწიფული, ჩამოყალიბებული და თავდაჯერებული ადამიანები ირჩევენ. მათ არ ეშინიათ სხვადასხვა რაკურსით გამოჩენისა და არასდროს ირჩევენ „მუშა მხარეს“. მათ არაფერში სჭირდებათ უსულო საგნებისა თუ ცხოველების ფოტოებს ამოფარება. პროფესიონალი ფოტოგრაფის მიერ გადაღებულ სურათებს ლენტაში აქვეყნებენ, ავატარზე კი ჩვეულებრივ ფოტოს დებენ.
ამასთან აღსანიშნავია, რომ არსებობს ფსევდომეცნიერება სახელწოდებით ავატარისტიკა, რომლის ფანატებმაც სოციალურ ქსელში ასობით ადამიანის ავატარები შეისწავლეს და ზოგი კანონზომიერება გამოავლინეს.

მაგალითად, თუ ადამიანი ირჩევს ფოტოს, რომელზეც:
მთელი სიმაღლით ჩანს - ესე იგი მას თვითშეფასებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ გააჩნია, უყვარს და პატივს სცემს საკუთარ თავს;
თამამ პოზაში ან სამოსშია აღბეჭდილი - ესე იგი, პირად ცხოვრებაში ყველაფერი წესრიგში არ აქვს;
პარტნიორთან ან ოჯახთან ერთადაა გადაღებული - ესე იგი, სურს მთელ ქვეყანას დაანახოს თავისი სტატუსი, საკუთარ თავს კი დაუმტკიცოს, რომ „მარტოკაცი“ არ არის;
საკუთარ ჰობის გამოფენს - ამით ადამიანები საკუთარ დაუკმაყოფილებლობას ნიღბავენ...