პრეზიდენტს არაფერი გამოუვა - ალეკო ელისაშვილმა მიზეზი დაასახელა

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს ერთი იდეის - ევროკავშირში ინტეგრაციის - გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა.
Sputnik
თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვერ შეძლებს ოპოზიციის გაერთიანებას ოპოზიციონერი ლიდერების ამპარტავნების გამო, განაცხადა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.
6 თებერვალს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს ერთი იდეის - ევროკავშირში ინტეგრაციის - გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა. ამისათვის იგი აპირებს შექმნას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ და გახსნას პრეზიდენტის აპარატთან არსებული საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას.
„ეჭვიც არ მეპარება, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვა. რატომ? ინიციატივა კარგი და დროულია, მაგრამ ოპოზიციონერი ლიდერების ზედმეტი ამბიციურობით, ამპარტავნებით, რაც შემდეგ არაადეკვატურობაში გადაიზრდება, ამ საქმიდან არაფერი გამოვა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მისი თქმით, პარტია „მოქალაქეები“ მაინც მივა პრეზიდენტთან შეხვედრაზე, მიუხედავად იმისა, რომ არ სჯერა ამ ინიციატივისა.
„მინდა, ჩემს თავთან ვიყო მართალი, ამიტომ მივალთ, ჩვენს აზრებს ვიტყვით და სხვებსაც მოვუსმენთ. ვეცდებით, პროდასავლური ოპოზიციის მონახაზი იყოს, ამისთვის მზად ვართ. რასაც ვუყურებ ოპოზიციიდან, ყველაფერი იქით მიდის, რომ არაფერი გამოვა“, - განაცხადა ელისაშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტთან თანამშრომლობაზე მზადყოფნა ოპოზიციის ნაწილმა, მათ შორის „ნაცმოძრაობამ" გამოთქვა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს პირველად აირჩევენ ახალი სისტემით: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%. პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
2023 წლის წინასწარი გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.