თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა იყო მცდელობა ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკურ მოძრაობას ჩაუდგეს სათავეში, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს ერთი იდეის - ევროკავშირში ინტეგრაციის - გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა. ამისათვის იგი აპირებს შექმნას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ და გახსნას პრეზიდენტის აპარატთან არსებული საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას.
„ეს არ არის არანაირი პლატფორმა, ეს არის აბსოლუტურად პოლიტიკური მოძრაობა „ქართული ოცნების“ და შესაბამისად, ხელისუფლების წინააღმდეგ. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას, ვიტყოდი, რომ ეს ყველაზე ნაკლებად იყო პრეზიდენტის გამოსვლა. ეს იყო რაღაც პოლიტიკური მოძრაობის ლიდერობის მცდელობა, რომელიც მან ერთგვარად დააანონსა", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
პრეზიდენტთან თანამშრომლობაზე თანხმობა უკვე განაცხადა ოპოზიციის ნაწილმა, მათ შორის „ნაცმოძრაობამ". მმართველი პარტია „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებს პარტიებს – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „ლელო საქართველოსთვის", „სტრატეგია აღმაშენებელი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა", „საქართველოსთვის".
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს პირველად აირჩევენ ახალი სისტემით: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%. პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.