თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. „გლობალური ომის პარტია" სხვადასხვა შუამავლის, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მეშვეობით დიდი ხანია ცდილობს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას და ახლა კი იყო რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის დაწყების მცდელობა, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
5 თებერვალს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ტერაქტების განსახორციელებლად განკუთვნილი ასაფეთქებელი მოწყობილობების უკრაინიდან რუსეთში ტრანსპორტირების აღკვეთის შესახებ განაცხადა, რომლის ხალხმრავალ ადგილას გააქტიურება დიდ მსხვერპლს გამოიწვევდა. დანაშაულის ორგანიზებაში ბრალდებულია უკრაინის მოქალაქე, წარმოშობით ბათუმელი ალექსანდრე შარაშიძე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ ტერაქტის შემთხვევაში იგეგმებოდა ისრების საქართველოზე გადმოტანა.
„ადრე არ ყოფილა ასეთი აშკარა, საჯარო მტკიცებულებები, რაც ბოლო თვეების განმავლობაშია, იმასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ, „ხალხის ძალა“ ვამბობდით, რომ „გლობალური ომის პარტია" საქართველოში სხვადასხვა წყაროს, სხვადასხვა შუამავლის მეშვეობით, მათ შორის, უკრაინის მთავრობის წარმომადგენლების ჩათვლით, ცდილობს მეორე ფრონტის გახსნას", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
„ქართული ოცნების“ განცხადებით, გლობალური ომის პარტია – ესაა წონიანი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩართვას, რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას. ამასთან, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის მომხრეებს „ქართულ ოცნებაში“ „ლოკალურ ომის პარტიას“ უწოდებენ.
მაჭარაშვილის თქმით, სუსმა ფაქტები გაასაჯაროვა, რომლის თანახმად გაირკვა, რომ „მათ ორი კურდღლის დაჭერა სურთ".
„ჯერ ერთი, საქართველოში დაეტოვებინათ მძიმე ასაფეთქებელი ნივთიერება, რომ აქ მომხდარიყო ტერორისტული აქტი. და მეორე, საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსეთში მომხდარიყო ტერორისტული აქტი, რათა სამხედრო კონფლიქტი გაღვივებულიყო. აბა რუსეთი ყავაზე არ დაგპატიჟებს, როცა საქართველოს გავლით მის ტერიტორიაზე ტერაქტი მოხდებოდა", - განაცხადა დეპუტატმა.
შესაბამისად, პოლიტიკოსის თქმით, ისინი პირდაპირ აღიარებენ, რომ ექს-პრეზიდენტ მიშა სააკაშვილის დესანტის გადმოსხმით და არც მეორე ფრონტის გახსნის მოწოდებებით უკრაინის ხელისუფლებას საქართველოში არაფერი გამოუვიდა.
„ახლა შეეცადნენ ხელი შეეწყოთ სამხედრო კონფლიქტისთვის", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, „ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები დღეს აცხადებენ, რომ სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის არ სჯერათ.
„ჩვენ ხომ ვერ ვიქნებით იმაზე დამოკიდებული, თუ რისი სჯერათ მათ? ეს არის რეალობა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა. ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომლის შესახებაც ჩვენ ვსაუბრობთ და რომელიც არჩევნების შემდეგ უნდა გასამართლდეს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
ასაფეთქებელი მოწყობილობების ტრანზიტის საქმე
სუს-ის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობები საქართველოში უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით იქნა შემოტანილი და მათი რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ჩატანა იგეგმებოდა.
ავტომობილიდან, რომელიც მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გაჩხრიკეს, ამოღებულია ექვსი ასაფეთქებელი მოწყობილობა, ექვსი დეტონატორი, ექვსი სპეციალური გასაღები და 14 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება.
ექსპერტიზით დადგინდა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები შეიცავდა C-4 პლასტიკურ ასაფეთქებელ ნივთიერებას. თითოეულ ასაფეთქებელ მოწყობილობაში დამონტაჟებული იყო მოქმედებაში მოსაყვანი ელექტრონული ტაიმერი, რომელშიც პროგრამულად უკვე ჩაწერილი იყო მოქმედებაში მოსაყვანი დრო - 2 საათი.
ასაფეთქებელი მოწყობილობა ელექტრომობილისთვის განკუთვნილ ორ აკუმულატორში იყო მოთავსებული, რომლებიც კონტეინერებად გამოიყენებოდა.
სუს-ის თანამშრომლებმა აღნიშნული კონტეინერებიდან ამოიღეს ასაფეთქებელი მოწყობილობები და ასაფეთქებელი ნივთიერება, კონტეინერებს დაუბრუნეს პირვანდელი სახე და ე.წ. მულაჟები განათავსეს იმ ადგილას, სადაც იპოვეს - მიზანი იყო დამკვეთებისა და შემსრულებლების იდენტიფიცირება.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დამკვეთის დავალებით გეგმები შეიცვალა და პროცესში ჩართულმა პირებმა ერთ-ერთი კონტეინერის, სადაც სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული, ქვეყნიდან გატანა სცადეს, ხოლო მეორე კონტეინერი - სამი ასაფეთქებელი მოწყობილობით თბილისში, კონკრეტულ მისამართზე დატოვეს.
სუს-ის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობების ტრანზიტის პროცესში ჩართული იყო საქართველოს შვიდი, უკრაინის სამი და სომხეთის ორი მოქალაქე.
ამ ეტაპზე საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირების მხილების, სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადების, გადაადგილების მარშრუტის, საბოლოო დანიშნულების ადგილის დადგენის, თავდასხმის ობიექტების იდენტიფიცირების და სამხილების მოპოვების მიზნით.