თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. ხალხს ტყუილად აქვს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ახალი პლატფორმის იმედი, რადგან ის ასრულებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დავალებებს, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ.
6 თებერვალს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს ერთი იდეის - ევროკავშირში ინტეგრაციის - გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა. ამისათვის იგი აპირებს შექმნას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ და გახსნას პრეზიდენტის აპარატთან არსებული საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას.
„დიდი ხანია დავკარგე სალომე ზურაბიშვილის იმედი, რომ რამე ხეირიანს გააკეთებს თავის საპრეზიდენტო ვადაში. შესაბამისად, მგონია, რომ ხალხი, ვისაც იმედი, აქვს რომ პრეზიდენტი რაღაცას გააკეთებს, ცრუ იმედების ქვეშაა. მგონია, რომ ქალბატონი სალომე უკვე ჩამოყალიბდა კარგ მსახიობად “ქართული ოცნების” ხელში, რომელიც “ქართული ოცნების” დავალებებს და მითითებებს ასრულებს“, - განაცხადა ხვიჩიამ.
მისი თქმით, ოპოზიციას, რომელსაც ჰგონია რომ ზურაბიშვილის სახით მოკავშირე იპოვა, დიდი იმედგაცრუება ელის.
ამასთან, პრეზიდენტთან თანამშრომლობაზე მზადყოფნა ოპოზიციის ნაწილმა, მათ შორის „ნაცმოძრაობამ" გამოთქვა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს პირველად აირჩევენ ახალი სისტემით: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%. პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
2023 წლის წინასწარი გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.