ხალხს თვალში ნაცარს აყრიან - ექსპერტი ქვეყანაში „მესამე ძალის" შექმნაზე

ექსპერტის თქმით, ქართველმა ხალხმა კარგად იცის ვინ რას წარმოადგენს.
Sputnik
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს ე.წ. მესამე ძალის შექმნის პროცესი, ცდილობენ ხალხს თვალში ნაცარი შეაყარონ და დაარწმუნონ, რომ მათ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" არაფერი აქვთ საერთო", დაწერა სოციალურ ქსელში ექსპერტმა ლევან ნიკოლაიშვილმა.
6 თებერვალს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს ერთი იდეის - ევროკავშირში ინტეგრაციის - გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა. ამისათვის იგი აპირებს შექმნას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ და გახსნას პრეზიდენტის აპარატთან არსებული საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას. თანამშრომლობაზე მზადყოფნა ოპოზიციის ნაწილმა, მათ შორის „ნაცმოძრაობამ" გამოთქვა.
„ქართული რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ძირითადად უცხოური აგენტურით არის დაკომპლექტებული, მძიმე მდგომარეობაშია. ასევე მძიმე მდგომარეობაში არიან მათი პატრონები, რადგან „ნაცმოძრაობაზე" უკვე ხელი აქვთ ჩაქნეული. მათ იციან, რომ უმძიმესი კრიმინალური წარსულით დამძიმებულ და „სისხლით დასვრილ" „ნაცმოძრაობას" ქართველი ხალხი ხელისუფლებაში არ დააბრუნებს", - ადწერა ნიკოლეიშვილმა.
ამიტომაც, ექსპერტის აზრით, „პატრონებმა" გადაწყვიტეს ამ პარტიის ხელოვნურად დაშლა და თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილი დანიშნეს, რამაც პარტიიდან ხალხის გადინებასაც შეუწყო ხელი.
პარალელურად, აქტიურად მიდის „მესამე ძალის" შექმნის პროცესი. ნიკოლეიშვილის განმარტებით, პატრონებმა გათვლა გააკეთეს ისეთ ოპოზიციურ პარტიებზე, როგორიცაა „ლელო საქართველოსთვის", ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის", „გირჩი - მეტი თავისუფლება" ასევე ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებელსა და ყოფილ გენდირექტორ ნიკა გვარამიაზე.
ჯერ კიდევ 2023 წლის ბოლოს გვარამიამ განაცხადა, რომ ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს „ნაცმოძრაობის" ექს-თავმჯდომარე ნიკა მელიასთან, ასევე პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებასთან" და „დროასთან". აღნიშნულ პარტიებს „ქართული ოცნება" კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" და „რადიკალურ ოპოზიციას" უწოდებს.
„ეს არის ხალხი, რომელზეც პატრონებმა გათვლა გააკეთეს და ყველანაირად ცდილობენ, რომ ხალხს თვალში ნაცარი შეაყარონ და უთხრან, თითქოს ამ აგენტურას არაფერი აქვს საერთო „ნაცმოძრაობასთან". ამ ფარისევლურ თამაშში ყველას თავისი როლი მოარგეს, მაგრამ მიზანი ერთი დაუსახეს - როგორმე გაემიჯნონ „ნაცებს", - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.
თუმცა, ექსპერტის თქმით, ქართველმა ხალხმა კარგად იცის ვინ რას წარმოადგენს.
„აგენტურის და მათი პატრონების მცდელობები კომიკურ სახეს იღებს... ცხადია, მათი ფორმალური გამიჯვნა ხალხს სასაცილოდ არ ჰყოფნის", - განაცხადა ექსპერტმა.
ოპოზიციურ სპექტრში ამჟამად მიმდინარეობს არჩევნების წინ ძალების გადანაწილება და პოლიტიკოსები აქტიურ დიალოგში არიან ჩართული ახალი პოლიტიკური ძალებისა და კოალიციების შექმნაზე.
2012 წლიდან ხელისუფლება მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული პოლიტიკური ძალის ხელშია - თავიდან ეს იყო კოალიცია „ქართული ოცნება“, ხოლო 2016 წლიდან, როცა კოალიცია დაიშალა, ყველა არჩევნები მოიგო ერთმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ – დემოკრატიულმა“. საქართველოს.