ბიზნესს კურორტების განვითარების გეგმას წარედგინება - საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო

მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების მიერ შესწავლილ იქნა 60 ბალნეოლოგიური, კლიმატური, მთის, ტბების, ზღვის კურორტი და ტურისტულად მიმზიდველი ადგილი
Sputnik
თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. ეკონომიკის სამინისტრო უახლოეს დროს ბიზნესს 20 საკურორტო ზონის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევას წარუდგენს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
2019 წლიდან საქართველოს მთავრობა მუშაობს კურორტების სისტემურ განვითარებაზე მეტი ვიზიტორის მოსაზიდად და რეგიონების განვითარების მიზნით.
„მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციებმა 60 ბალნეოლოგიური, კლიმატური, მთის, ტბების, ზღვის კურორტი და ტურისტულად მიმზიდველი ადგილი შეისწავლეს. ჩვენ უახლოეს ხანებში დიდი პოტენციალის მქონე ოცი კურორტისა და საკურორტო ადგილის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის წარდგენას ვაპირებთ ბიზნესისთვის, ისე რომ ამ კუთხით დამატებითი ინვესტიციები განხორციელდეს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლება საკურორტო ინდუსტრიის მარეგულირებელ საკანონმდებლო ჩარჩოზე იმუშავებს.
„საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოს 2023 წელს 7,1 მილიონი ვიზიტორი ეწვია, რაც 2022 წელთან შედარებით 30,3%-ით მეტია.
ამასთან, 15 წელს ზემოთ ასაკის პირთა ვიზიტების რიცხვია 6,2 მლნ, რაც 2022 წლის მონაცემზე 31,2%-ით მეტია. ტურისტული ვიზიტების რიცხვმა 5,1 მლნ შეადგინა. საქართველოში ტურისტული ვიზიტების რიცხვმა 4,7 მილიონი შეადგინა, რაც 2022 წლის მონაცემზე 27,8%–ით მეტია.
ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან იყო - 1,2 მილიონი, რაც მთლიანი ვიზიტორების 23,2%-ია. მას მოსდევს თურქეთი (21,4% წილი) და სომხეთი (13,5%). რუსმა ტურისტებმა გასულ წელს 1,42 მილიონი ვიზიტი განხორციელეს, თურქეთიდან - 1,4 მილიონი, სომხეთიდან - 965,5 ათასი ვიზიტი.