თბილისი, 7 თებერვალი - Sputnik. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მეხანძრე-მაშველებმა მეექვსე ადამიანის ცხედარი იპოვეს.
მეწყერი სოფელ ნერგეეთში, რობაქიძეების უბანში 7 თებერვალს, დაახლოებით ღამის ორ საათზე ჩამოწვა და 4 საცხოვრებელი სახლი მოიყოლა - სამ სახლში ოჯახები ცხოვრობდნენ, ხოლო ერთი ცარიელი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიას გადურჩა მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელიც მეწყრული მასიდან მაშველებმა მალევე ამოიყვანეს. იგი ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი. ბოლო მონაცემებით, ნაპოვნია ექვსი ადამიანის ცხედარი. ამჟამად მიმდინარეობს 4 დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება.
სტიქიის ზონაში იმყოფება 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ადგილობრივი ხელისუფლების და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, დრონები, კინოლოგთა ჯგუფი და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.