თბილისი, 6 фთებერვალი — Sputnik. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის ლეგენდარული ქართველი მძლეოსნის, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდია დააწესა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვიქტორ სანეევი მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენია, არის სამხტომში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი, ევროპის რვაგზის ჩემპიონი.
სტიპენდიანტები, რომელთა რაოდენიბაც სამი იქნება, ათი თვის განმავლობაში 200-200 ლარს მიიღებენ.
სტიპენდიას მიიღებენ ააფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა სპორტსმენები როგორც ოლიმპიური, ისე არაოლიმპიური სპორტის სახეობებში მიღწეული წარმატებებისთვის.
კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსანტების ასაკი არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციების მიერ დაკომპლექტებული ახალგაზრდული ნაკრები გუნდებისათვის დადგენილ ასაკობრივ ზღვარს.
ვიქტორ სანეევი
© photo: Sputnik / Yuri Somov
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში განაცხადი უნდა წარადგინონ მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან 1 მარტამდე (შაბათ-კვირის გარდა, 10:00-დან 17:00 საათამდე) თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად.
სამინისტროში წარდგენილ განაცხადს უნდა დაერთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: სერტიფიკატები, დიპლომები, ჯილდოები, მწვრთნელის რეკომენდაცია, კონკურსანტის ავტობიოგრაფია/CV, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი, დევნილის მოწმობის ასლი.
ვიქტორ სანეევი 1945 წლის 3 ოქტომბერს სოხუმში დაიბადა. იგი იყო სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი სამხტომში (1968, 1972, 1976); 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი; ევროპის ორგზის ჩემპიონი (1969, 1974), საბჭოთა კავშირის რვაგზის ჩემპიონი. სამჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი სამხტომში (17,23 მ, 17,39 მ და 17,44 მ).
77 წლის სანეევი 2022 წლის 3 იანვარს სიდნეიში გარდაიცვალა.