უამინდობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა: სად დაწესდა შეზღუდვები

უამინდობის გამო შეზღუდვები მოქმედებს როგორც საერთაშორისო მნიშვნელობის, ისე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე
Sputnik
თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. ძლიერი თოვის, შეზღუდული ხილვადობისა და ზვავსაშიშროების გამო საქართველოს გზებზე მთელი რიგი შეზღუდვები მოქმედებს, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
კერძოდ, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
უწყების ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ასევე, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ძლიერი თოვა, ზვავსაშიშროება და შეზღუდული ხილვადობა) გამო ნაქერალას უღელტეხილზე (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 44-46-ე კმ მონაკვეთი) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.