ჩხაიძე: ქვეყანაში გრიპის ვირუსის პიკია, რომელიც მარტის ბოლომდე გაგრძელდება

დაავადების დროს ძირითადი რეკომენდაციებია სხეულის ტემპერატურის კონტროლი, დიდი რაოდენობით სითხის მიღება და გართულებების შემთხვევაში ექიმისთვის მიმართვაა
Sputnik
თბილისი, 6 თებერვალი - Sputnik. საქართველოში გრიპის ვირუსის ჩამოყალიბებული პიკია, რომელიც მარტის ბოლომდე გაგრძელდება, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ქართველი ექიმები ვირუსული დაავადებების გავრცელების მკვეთრ ზრდაზე საუბრობენ. მათი თქმით, გადატვირთულია საავადმყოფოები, განსაკუთრებით ბავშვთა განყოფილებები. ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, განსაკუთრებული არაფერი ხდება და ეს ვითარება დამახასიათებელია ვირუსული სეზონისთვის.
როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, გრიპთან ერთად, ცირკულირებს რესპირატორულ-სინციტიური ვირუსიც (დადასტურებული შემთხვევების 24%), რომელიც მძიმედ მიმდინარეობს 2-წლამდე და 65 წელს ზემოთ პირებში.
„ასევე მცირე რაოდენობით ფიქსირდება კორონავირუსიც. მოსალოდნელია, რომ სხვა ტიპის ვირუსების აქტიურობა ისევ გაგრძელდება და, ალბათ, მარტის ბოლომდე რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის მიმართვიანობა, როგორც ჯანდაცვის ცენტრებში, ისე კლინიკებში დარჩება მაღალი“, - განაცხადა ჩხაიძემ.
ჩხაიძე მოსახლეობას სიფრთხილისკენ და სპეციალისტების რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
დაავადების დროს ძირითადი რეკომენდაციებია სხეულის ტემპერატურის კონტროლი, დიდი რაოდენობით სითხის მიღება და გართულებების შემთხვევაში ექიმისთვის მიმართვაა - ვირუსებთან ბრძოლის ძირითადი ხერხი კვლავ პირბადე და ვაქცინაციაა.
ამ დროისთვის საქართველოში, ძირითადად, А ტიპის ვირუსები ცირკულირებს - ვირუსის სიმპტომებად ექიმები მაღალ ტემპერატურას, თავისა და სახსრების ძლიერ ტკივილს, მკვეთრად გამოხატულ სისუსტეს ასახელებენ.
შემთხვევების უმეტესობა გამოწვეულია გრიპის ვირუსით, თუმცა საყურადღებოა რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსიც. ამ სეზონზე ასევე გვხვდება ადენოვირუსი და რინოვირუსი, რომლებიც ყოველთვის ცირკულირებენ ამ პერიოდში.