თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკა „ვივამედიდან“ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილება მხოლოდ ექიმების შესაბამისი რეკომენდაციის შემდეგ მიიღება, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექსპერტთა ჯგუფი სააკაშვილის მდგომარეობის შესაფასებლად 25 იანვარს კლინიკაში „ვივამედში“ მორიგი ვიზიტით იმყოფებოდა. დასკვნის მიხედვით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა დადებით პროგნოზს კუნთების ჰიპოტროფიის და დეპრესიის გამო, თუმცა შეინიშნება დადებითი დინამიკა, კერძოდ, წონაში მატება 77 კგ-მდე.
„რაც შეეხება გადაყვანის საკითხს, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც გვექნება დასტური ექიმებისგან, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა რეკომენდებულია“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრის თქმით, უწყება ექს-პრეზიდენტის ექიმებთან მუდმივ კონტაქტზეა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ახარებს.
„ჩემი მოსაზრება არ არის, ექიმების შეფასებაა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და თითოეულ ჩვენგანს უხარია. მოწადინებული ვართ, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს საუკეთესო მდგომარეობაში. ყველაფერს ვაკეთებდით, ამჟამადაც ვაკეთებთ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
კონსილიუმის წევრთა აზრით, პაციენტი საჭიროებს მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობას, ფსიქოლოგიურ ინტერვენციას. ექიმთა ჯგუფი მორიგ ვიზიტს პაციენტთან განახორციელებს საჭიროების შესაბამისად.
სახალხო დამცველის აპარატთან არსებული კონსილიუმი 2021 წლის ნოემბრის ბოლოს შეიქმნა და მასში შედიან მედიცინის სხვადასხვა დარგის დამოუკიდებელი სპეციალისტები. კონსილიუმის ექიმები პერიოდულად სინჯავენ სააკაშვილს და საზოგადოებას აწვდიან თავისი დამოუკიდებელ დასკვნას ექს-პრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1–ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.