ექსპერტი: უკრაინა საქართველოს რუსეთთან კომფრონტაციაში ჩართვას ცდილობს

ანჯაფარიძის თქმით, სტრატეგიულმა პარტნიორმა უკრაინამ თბილისიდან თავისი ელჩი გაიწვია, კიევიდან კი საქართველოს ელჩი, პრაქტიკულად, გამოაძევა
Sputnik
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. უკრაინა ყველანაირად ცდილობს საქართველოს რუსეთთან კომფრონტაციაში ჩართვას, განაცხადა ექსპერტმა ზაალ ანჯაფარიძემ უკრაინიდან რუსეთში ტრანზიტით ასაფეთქებელი მოწყობილობების შეტანის აღკვეთ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაზე კომენტარისას.
სუსმა ოდესიდან ვორონეჟში ასაფეთქებელი მოწყობილობების გადაზიდვის მცდელობის აღკვეთის შესახებ განაცხადა. დანაშაულში ეჭვმიტანილია საქართველოს შვიდი, უკრაინის სამი და სომხეთის ორი მოქალაქე. 2024 წლის 19 იანვარს ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით უკრაინის მოქალაქის მფლობელობაში არსებული მინივენის ტიპის ავტომობილით ექვსი ასაფეთქებელი მოწყობილობა საქართველოში შემოიტანეს ელექტრომობილების აკუმულატორით და სასაზღვრო-გამშვები პუნქტ „დარიალის" გავლით ვორონეჟში ჩატანას გეგმავდნენ.
„ინციდენტის შესახებ ის, რაც საჯაროდ გავრცელდა, საკმარისია ერთი მტკიცე ვარაუდისთვის - მათ სურთ საქართველო ყველანაირად ჩართონ რუსეთთან დაპირისპირებაში“, - დაწერა ზაალ ანჯაფარიძემ სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, უკრაინა საქართველოს თავს არ დაანებებს.
„ჩვენი ე.წ. „სტრატეგიული პარტნიორი“ უკრაინა, რომელმაც თავისი ელჩი საქართველოდან გაიწვია, ჩვენი ელჩი კი, პრაქტიკულად გამოაძევა, თავს არ გვანებებს", - დაწერა ჯაფარიძემ.
2022 წლის 30 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ განაცხადა. ერთი წლის შემდეგ, 2023 წლის ივლისში კი ზელენსკიმ უკრაინაში საქართველოს ელჩ გიორგი ზაქარაშვილს კიევის 48 საათის განმავლობაში დატოვებისკენ მოუწოდა. მიზეზი საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გახდა, რომელიც უკრაინის მოქალაქეა.
გამოძიების დეტალები
როგორც გამოძიებამ დაადგინა, ასაფეთქებელი მოწყობილობები საქართველოში უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით იქნა შემოტანილი და მათი რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ჩატანა იგეგმებოდა.
სუსის მონაცემებით, S-4 ასაფეთქებელი ნივთიერებები - საერთო მასით 14 კილოგრამი - დაყოფილი იყო ექვს ასაფეთქებელ მოწყობილობად დეტონატორებით და ქრონომეტრებით დაპროგრამებული აფეთქების დროით. ბოროტმოქმედებმა ეს მოწყობილობები ელექტრომობილის ორ ბატარეაში დამალეს - თითოეულ ბატარეაში სამი.
თავდაპირველად იგეგმებოდა ექვსივე ასაფეთქებელი მოწყობილობის რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ჩატანა, თუმცა, მოგვიანებით, დამკვეთის დავალებით გადაწყვეტილება შეიცვალა და პროცესში ჩართულმა პირებმა, ერთ-ერთი კონტეინერის, სადაც სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული, ქვეყნიდან გატანა სცადეს, დანარჩენი სამი კი თბილისში კონკრეტულ მისამართზე დატოვეს.
კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ ამოღებულ იქნა აღნიშნული მოწყობილობები იმ დროს, როდესაც მას უნდა გადაეკვეთა საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარი საქართველოს მხრიდან - ამ დროისთვის გამოძიება ცდილობს დაადგინოს, თბილისში დტოვებული ასაფეთქებელი მოწყობილობები განკუთვნილი იყო საქართველოსთვის თუ შემდგომი ტრანზიტისთვის.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების უკრაინიდან რუსეთის ფედერაციაში საქართველოს გავლით ტრანზიტის პროცესის ორგანიზატორი იყო უკრაინის მოქალაქე, წარმოშობით ბათუმელი ანდრეი შარაშიძე, რომელიც 2020 წელს იყო დეპუტატობის კანდიდატი მმართველი პარტიიდან „ხალხის მსახური".
გამოძიების ვარაუდით, მისთვის ცნობილი იყო ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ, რადგანაც აქტიურად ადევნებდა თვალყურს აღნიშნული ტვირთის გადაადგილებას.
სუს-ის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობების ტრანზიტის პროცესში ჩართული იყო საქართველოს შვიდი, უკრაინის სამი და სომხეთის ორი მოქალაქე.
ამ ეტაპზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას. თუმცა, გამოძიების პროცესში შესაძლოა დაზუსტდეს კვალიფიკაცია და გამოძიება სსკ-ის 18-323 მუხლით გაგრძელდეს, რაც ტერორისტული აქტის მომზადებას გულისხმობს.