თოვლი, ქარბუქი და ნისლი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეეებში

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
Sputnik
თბილისი, 4 თებერვალი - Sputnik. 5 თებერვლიდან 8 თებერვლამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
კერძოდ, მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), მთიან რეგიონებში ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ზვავსაშიშროება, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 6 თებერვალს იქროლებს ძალიან ძლიერი ქარი.
„დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.