42 წლის შემდეგ - ჟურნალისტებმა საუკეთესო სპორტსმენად ფეხბურთელი დაასახელეს

კვარაცხელია პირველი ფეხბურთელია 1981 წლის შემდეგ, რომელიც ჟურნალისტებმა ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს.
Sputnik
თბილისი, 4 თებერვალი - Sputnik. სპორტული ჟურნალისტების ვერსიით, „ნაპოლისა“ და საქართველოს ფეხბურთის ნაკრების თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 2023 წლის საუკეთესო სპორტსმენია.
ტრადიციული დაჯილდოება „რესპუბლიკა ივენთ ჰოლში“ გაიმართა. ორგანიზატორი საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია იყო, რომელიც გამოკითხვას 1964 წლიდან ატარებს.
42-წლიანი პაუზის შემდეგ, კვარაცხელია პირველი ფეხბურთელია, რომელიც ჟურნალისტებმა ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს.
ადრე ფეხბურთელებს ეს პრესტიჟული ჯილდო სამჯერ აქვთ მიღებული. პირველი გამოკითხვის გამარჯვებული 1964 წელს გახდა ლეგენდარული სლავა მეტრეველი, შემდეგ მურთაზ ხურცილავა (1967 წელს), შემდეგ კი რამაზ შენგელია (1981 წელს).
გამარჯვებულები კიდევ რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდა. ლეგენდარულ ძალოსანს, ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ტალახაძეს 21-ე საუკუნის დასაწყისის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო გადაეცა.
მოციგურავე ანასტასია გუბანოვა მედიის რჩეული გახდა.
საუკეთესო გუნდად ხელბურთის ეროვნული ნაკრები აღიარეს. წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად გიორგი ლევანაძე (ხელბურთი) დასახელდა. წლის საუკეთესო მწვრთნელად საქართველოს საფეხბურთო 21 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი რამაზ სვანაძე აღიარეს.
კვარაცხელია 2023 წელს გახდა საქართველოს ნაკრების პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ზედიზედ ოთხ მატჩში გოლი გაიტანა.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებში მე-15 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირთა შორის მესამე ადგილზეა, რომელსაც ალექსანდრე იაშვილთან ერთად იყოფს.