თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მთავრობა უახლოეს მომავალში შშმ პირის სტატუსის მინიჭების ახალ მოდელს დანერგავს, ნათქვამია სამთავრობო პროგრამაში, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი.
პროგრამის მიხედვით, მთავარი ამოცანა იქნება „შშმ პირის“ სტატუსის მინიჭების სამედიცინო მოდელის შეცვლა და ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვა.
დღეისათვის შშმ პირის სტატუსს ადგენს სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზის ბიურო ქმედუნარიანობის დარღვევის შემდეგი სახის მიხედვით: თავის მოვლის უნარი, გადაადგილების უნარი, სწავლის უნარი, შრომითი საქმიანობის უნარი, დროსა და სივრცეში ორიენტაციის, თვითკონტროლის და ადამიანებთან კონტაქტის უნარი.
შშმ სტატუსი შეიძლება იყოს მკვეთრად გამოხატული, მნიშვნელოვნად გამოხატული და ზოგადად გამოხატული და მთლიანად დაკავშირებულია სამედიცინო დიაგნოზებთან.
2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 113.179 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ცხოვრობდა.