ახალი რეკორდი - ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა წელიწადში 4 მლრდ დოლარს გადააჭარბა

2023 წლის შემოსავლებმა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებლებს 26,2%-ით გადააჭარბა.
Sputnik
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველოში 2023 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალმა 4.125,3 მლრდ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
ტურიზმის სფერომ, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა, 2021 წლის ზაფხულიდან აღდგენა დაიწყო. ბოლო სამი წლის განმავლობაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ახალ-ახალ რეკორდებს ამყარებს.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წელთან შედარებით ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 17,3%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, 2023 წლის შემოსავლებმა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებლებს 26,2%-ით გადააჭარბა.
ვინ ხარჯავს თანხებს
2023 წელს ყველაზე დიდი თანხა რუსეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა დახარჯეს - 938,4 მლნ დოლარი.
რამდენი დახარჯეს ტურისტებმა საქართველოში 2023 წელს

ქვეყნები

ხარჯები, მლნ დოლარი

ზრდა, %

რუსეთი

938,4

4,7

თურქეთი

631,0

58,0

ევროკავშირი

549,6

64,9

ისრაელი

308,1

13,9

უკრაინა

183,5

-33,0

ამასთან, 2023 წელს რუსეთის მოქალაქეებიდან მიღებული შემოსავალი წელიწადში 4,7%-ით გაიზარდა, თურქეთის მოქალაქეებიდან - 58%-ით, ხოლო ევროკავშირის მოქალაქეებიდან - 64,9%-ით.
ვიზიტები საქართველოში
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს უცხოელები საქართველოს 7,1 მილიონჯერ ეწვივნენ, რაც 30,3%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.
ამასთან, 15 წელზე უფროსი ასაკის პირების ვიზიტების რაოდენობამ 6,2 მილიონი შეადგინა, რაც 31,2%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით, ხოლო თავად ვიზიტორთა რიცხვმა 5,1 მილიონი შეადგინა. საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 4,7 მილიონი შეადგინა, რაც 27,8%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.
ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან იყო - 1,2 მილიონი, რაც მთლიანი ვიზიტორების 23,2%-ია. მას მოსდევს თურქეთი (21,4% წილი) და სომხეთი (13,5%). რუსმა ტურისტებმა გასულ წელს 1,42 მილიონი ვიზიტი განხორციელეს, თურქეთიდან - 1,4 მილიონი, სომხეთიდან - 965,5 ათასი ვიზიტი.
რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ტურიზმიდან გასულ წლებში?
2019 წლის პანდემიამდელ პერიოდში საქართველომ საკუთარი რეკორდები მოხსნა. საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 9,3 მილიონს გადააჭარბა, შემოსავალმა კი 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2020 წელს ინდუსტრიის შემოსავალი დაეცა წარმოუდგენელ 427,7 მილიონ დოლარამდე, 1,7 მილიონი საერთაშორისო მოგზაურით.
2021 წელს ტურიზმმა საქართველოს 1,2 მილიარდი დოლარი მოუტანა. 2021 წელს საქართველოში დაახლოებით 1,6 მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა.
რაც შეეხება 2022 წელს, ტურისტების შემოსავალმა 3,5 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. მთლიანობაში, 2022 წელს საქართველოს 5,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია.