Red Wings-ი მოდერნიზებული Tu-214-ით საქართველოში ფრენებს იწყებს

Sputnik
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. რუსული ავიაკომპანია Red Wings მოდერნიზებული Tu-214-ით სამგზავრო ფრენებს იწყებს, პირველი რეისები ბათუმში, სოჭში, ერევანსა და თელ-ავივში შესრულდება, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
Ту-214-ის ფრენის დიაპაზონი სრული სამგზავრო დატვირთვით აღწევს 5200 კილომეტრს, ხოლო მაქსიმალური (უფრო მცირე დატვირთვით) შეიძლება აღემატებოდეს 7000 კილომეტრს. შედარებისთვის, SuperJet 100-ის ფრენის დიაპაზონი, შესაბამისად, 3050 და 4600 კილომეტრია.
„რუსული ავიაკომპანია Red Wings სამგზავრო ფრენებს Tu-214-ით შეასრულებს. თვითმფრინავის პირველი რეისი 2 თებერვალს სოჭის „ჟუკოვსკის" აეროპორტიდან შესრულდება, ხოლო მომავალი კვირიდან დაიწყება საერთაშორისო ფრენების პროგრამა „დომოდედოვოდან" ერევნის, ბათუმის და მოგვიანებით თელ-ავივის მიმართულებით“, - ნათქვამია პრეს-რელიზში.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.