თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2023 წლის იანვარი-2024 წლის იანვარი) 0% შეადგინა 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის ფონზე, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი”.
„დაბალი ინფლაცია შიდა და საგარეო ფაქტორების ერთობლიობის შედეგია. ერთი მხრივ, მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა და შემცირებული ინფლაციური მოლოდინების გამო, ადგილობრივად წარმოებული საქონლის ინფლაცია კლებადია. პარალელურად, ომისგან და პანდემიისგან გამოწვეული საგარეო შოკების თანდათანობით მილევამ ინფლაციური წნეხი მნიშვნელოვნად შეამცირა“, — ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მოსალოდნელზე დაბალი ინფლაციის ფონზე, რასაც ასევე ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება დაემატა, საქართველოს ეროვნული ბანკმა მიმდინარე წლის ინფლაციის პროგნოზი შეამცირა. ეს საშუალოვადიანი პერიოდის ინფლაციის რისკებსაც გარკვეულწილად ამცირებს.
„მიმდინარე საბაზო პროგნოზით, ინფლაცია წლის დასაწყისში დაბალ დონეზე შენარჩუნდება. შემდგომ, ძირითადად საბაზო ეფექტის გამო, ის მიზნობრივ მაჩვენებელს სწრაფად დაუახლოვდება და, საშუალოვადიან პერიოდში, მის ირგვლივ დასტაბილურდება“, — წერს მარეგულირებელი.
საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ეკონომიკური ზრდა 7% იყო. ხოლო 2024 წელს, ბიზნეს სესხებისა და ინვესტიციების მზარდი წვლილის ფონზე, ეკონომიკის პოტენციალის გაუმჯობესების კვალდაკვალ, რეალური მშპ 5%-ით გაიზრდება.