თბილისი, 1 თებერვალი - Sputnik. დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
2023 წლის დეკემბერში თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის აღდგენითი სამუშაოების შესრულებაზე კონტრაქტის დასრულების ვადა 51 კალენდარული დღით - 2024 წლის იანვრის დასაწყისიდან თვის ბოლომდე გადაიტანა. 16 იანვარს კი თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან - R.T.D.-სთან და Millennium Builders Group-თან ხელშეკრულება გაწყვიტა. მიზეზი შესრულებული სამუშაოს უხარისხობა და შეთანხმებული ვადების შეუსრულებლობაა.
მიუხედავად წარმოქმნილი პრობლემისა, მერიაში პირობა დადეს, რომ სამუშაოები დადგენილ ვადაში დასრულდებოდა და გამზირზე მოძრაობა დათქმულ ვადაში აღდგებოდა.
„საზოგადოებას დავპირდით, რომ 1-ელ თებერვალს გავხსნიდით. საგზაო ნაწილში დასრულდა სამუშაოები, გადაადგილება ორმხრივად თავისუფლად არის შესაძლებელი. სამუშაოები სრულად მარტში დასრულდება და მაშინ მართლა ძალიან ლამაზი გამზირი გვექნება“, - განაცხადა კალაძემ.
კალაძის თქმით, რეაბილიტაციის ფარგლებში შეიცვალა და განახლდა ყველა ტიპის მიწისქვეშა კომუნიკაცია, მათ შორის წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ქსელები. გამზირის ერთ მხარეს დასრულებულია გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა და მეორე ნაწილში კვლავ მიმდინარეობს აღნიშნული სამუშაოები
ამასთან, დასრულების ეტაპზეა უსაფრთხოების კუნძულების მოპირკეთება, რის შემდეგაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები დამონტაჟდება. უახლოეს პერიოდში დასრულდება შუქნიშნების მონტაჟი და გზის სავალი ნაწილის დახაზვის სამუშაოებიც.
„ამ ეტაპზე დარჩენილია ტროტუარების მოწყობის და გამწვანების სამუშაოები, რომელიც მარტის თვეში დასრულდება”, - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციო პროექტის განხორციელებაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა ყველა კომპანიას და მათ თანამშრომლებს.
17 იანვრიდან გამზირის სარემონტო სამუშაოებს აწარმოებს ოთხი კომპანია: „ენკო“, „პარმა“, „GEO გრუპი“ და „ბლექ სი გრუპი“.
წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოები 2023 წლის მაისში დაიწყო. გამზირის აღდგენისა და განახლებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 28,4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.