თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავად გამოთქვა მთავრობის მეთაურის თანამდებობის დატოვების სურვილი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს, 29 იანვარს მთავრობის მეთაურის თანამდებობიდან გადადგომისა და „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტზე მოსალოდნელი დანიშვნის შესახებ განაცხადა. ღარიბაშვილი „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტზე პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე 1-ელ თებერვალს ივანიშვილმა ოფიციალურად წარადგინა, ხოლო შემდეგ პარტიის წევრებმა მას ერთხმად მისცეს ხმა მმართველი პარტიის VIII რიგგარეშე ყრილობაზე.
„რა უნდა დავუწუნო, ნახეთ, როგორი კაცია. თვითონ მოისურვა, მე არ მომისურვებია", - განაცხადა ივანიშვილმა.
ღარიბაშვილი საქართველოს მთავრობის მეთაურის თანამდებობას, უკვე მეორე ვადით, 2021 წლის 22 თებერვლიდან იკავებდა. მანამდე კი, 2013 წელს იგი პრემიერის პოსტზე მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მემკვიდრე გახდა, რომელთანაც პოლიტიკოსს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს.
ახალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მმართველი პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდა. მისი კანდიდატურა 1-ელ თებერვალს მმართველი პარტიის VIII რიგგარეშე ყრილობაზე წარადგინეს.