უკუღმა სიარულის სარგებელი და წესები: თუ ზედმეტი წონა, გული ან სახსრები გაწუხებთ

Sputnik
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. პირიკუ, ანუ ზურგშექცეული სიარული აუმჯობესებს კოორდინაციას, გულის მდგომარეობას, სახსრების ჯანმრთელობას, ამაგრებს კუნთებს და ამასთან კალორიების მეტი რაოდენობით დაწვას უწყობს ხელს, აცხადებს ექიმი-ფიზიოლოგი, ლონდონის უნივერსიტეტის პედაგოგი ჯეკ მაკნამარა.
მისი განმარტებით, ადამიანი ჩვეულებრივი სიარულისას, რა დროსაც 200-მდე კუნთს იყენებს, ყველაზე მთავარ და მნიშვნელოვან კუნთს — გულს ავარჯიშებს. შესაბამისად, რეგულარული სიარული, ათობით სამეცნიერო კვლევის თანახმად, ამცირებს არტერიულ წნევას და 20-40%-ით აქვეითებს ინსულტის ალბათობას. ხოლო როცა ადამიანი უკუღმა დადის, ჯანმრთელობისთვის სარგებელი ლამის ორმაგდება, ზედმეტი ცხიმები კი უფრო სწრაფად და ეფექტურად იწვება.
მაკნამარას თქმით, უკუღმა სიარული აუმჯობესებს მუხლის სახსრის ოსტეოართროზის მქონე ადამიანების მდგომარეობას. საქმე ისაა, რომ ამ დროს ადმიანი უფრო ხშირ და მოკლე ნაბიჯებს დგამს, ფეხები ნაკლებად გააქვს განზე და შესაბამისად, სახსრებზე დატვირთვა მცირდება.
უკუღმა სიარულის სარგებელი მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმაც დაადასტურა, რომელშიც 70-მდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ყველა მათგანს მუხლის სახსრის ოსტეოართროზი ჰქონდა.
გარდა ამისა, უკუღმა სიარული სასიკეთო გავლენას ახდენს ისეთ პრობლემებზე, როგორებიცაა:
პლანტარული ფასციიტი, ანუ ქუსლის დეზი;
წელის ქრონიკული ტივილები;
ნევროლოგიური დავადებები.
გარდ ამისა, ზურგშექცევით სიარული ხელს უწყობს:
ინსულტის შემდგომ რეაბილიტაციას — კვლევებმა აჩვენა, რომ კვირაში სამჯერ 30-30 წუთიანი უკუღმა სიარული მოკლე დროში აღადგენს ბალანსის შეგრძნებას, აუმჯობესებს კიდურების მუშაობას და მოძრაობის სიჩქარეს;
წონაში კლებას — ამ დროს 40%-ით მეტი კალორია იწვება და ამასთან ცხიმების „ჩალაგებაც“ იკლებს.

უკუღმა სიარულის წესები

ზურგშექცეულ სიარულში თითქოს რთული და გაუგებარია არაფერია, მაგრამ, როგორც ჯეკ მაკნამარა ამბობს, ამას თავისი წესები აქვს.
მისი თქმით:
უნდა იაროთ მხოლოდ უსაფრთხო ადგილას, სადაც ვერც ვერაფერს დაეჯახებით და არც წაიქცევით (იდეალურია სარბენი ბილიკი);
უკუღმა სიარულში ვარჯიში დაბალი სიჩქარით უნდა დაიწყოთ და დროთა განმავლობაში აჩქარდეთ;
თავი უნდა გეჭიროთ სწორად და იყურებოდეთ მხოლოდ წინ — არ უნდა ატრიალოთ აქეთ-იქით;
ყოველი ნაბიჯის გადადგმისას გაჭიმეთ ცერა თითი და ტერფი თითებიდან ქუსლის მიმართულებით გადააგორეთ;
ნუ შეეცდებით, ერთ ჯერზე უწყვეტად იაროთ დიდი ხნის განმავლობაში — სჯობს ვარჯიში რამდენჯერმე გაიმეოროთ;
როდესაც უკუღმა სიარულს იმდენად შეეჩვევით, რომ თავს უკვე კომფორტულად იგრძნობთ, შეგიძლიათ უკუღმა სირბილზეც გადახვიდეთ — ოღონდ მხოლოდ სარბენ ბილიკზე, რომელსაც სახელურები აქვს.