რა იქნება წერეთლის გამზირის შემდეგ - თბილისის მერიაში ახალ პროექტებზე საუბრობენ

თბილისის მერიის გეგმებშია 2024 წელს რუსთაველის გამზირის კაპიტალური რემონტის დაწყება.
Sputnik
თბილისი, 1 თებერვალი – Sputnik. თბილისის მერია, წერეთლის გამზირის აღდგენითი სამუშაოების დასრულებისთანავე, მარშალ გელოვანისა და რობაქიძის ქუჩების მოდიფიცირების დაწყებას გეგმავს, იტყობინება მერიის პრესსამსახური.
წერეთლის გამზირზე ორმხრივი მოძრაობა 1 თებერვალს აღდგა, სამუშაოების დაწყებიდან ცხრანახევარი თვის შემდეგ. ტროტუარების, ავტობუსის გაჩერებების და ქვეითთა გადასასვლელების სარეაბილიტაციო სამუშაოები მარტის ბოლოს დასრულდება.
„წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების შემდგომ, მარშალ გელოვანის და რობაქიძის ქუჩების მოდიფიცირება იგეგმება. ამასთან, თბილისის მერიამ გასცა დავალება დიდი დიღმის სარკინიგზო კავშირის მიზანშეწონილობის კვლევასთან დაკავშირებით“, - განაცხადეს მერიაში.
თბილისის მერიის გეგმებშია 2024 წელს რუსთაველის გამზირის კაპიტალური რემონტის დაწყება. პროექტი რამდენიმე ეტაპად დაიყო. თავდაპირველად დაიწყება ისტორიული შენობების განახლება. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანიების განაცხადების მიღება 7-დან 12 თებერვლამდე გაგრძელდება.
პროექტის დასრულებას დაახლოებით ორი წელი დასჭირდება.
მერიამ პირობა შეასრულა: წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნა >>
საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება და კაპიტალური რემონტი დედაქალაქის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 2019 წელს მუნიციპალიტეტმა უკვე განახორციელა ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური რემონტი. ოთხეტაპიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებაზე ქალაქის ხელისუფლებას წელიწადზე მეტი დრო დასჭირდა.
ჭავჭავაძის გამზირის გარემონტების დასრულების შემდეგ აღდგა მელიქიშვილისა და ქეთევან წამებულის გამზირები. რემონტი მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულ განახლებას ითვალისწინებდა.
წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოები 2023 წლის მაისში დაიწყო. გამზირის აღდგენისა და განახლებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 28,4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.