თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზეა წარდგენილი, იუწყება Verdens Gang.
გავრცელებული ინფორმაციით, ნომინაციის ინიციატორი ნორვეგიის ლიბერალური პარტიის თავმჯდომარის მოადგილე, ქვეყნის კულტურის ყოფილი მინისტრი აბიდ რაჯაა.
მისი თქმით, გასული წლის განმავლობაში მშვიდობისა და დემოკრატიისთვის არავის გაუკეთებია იენს სტოლტენბერგზე მეტი, რისთვისაც ნობელის პრემიას იმსახურებს.
„სტოლტენბერგი ჩადიოდა თურქეთში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში, რათა მოლაპარაკებებისთვის მიეღწია და უკრაინაში ომი შეეჩერებინა. <...> ის დაუღალავად მუშაობს უკრაინაში მშვიდობისთვის და ერთადერთია უკრაინის ფარგლებს გარეთ, ვინც იყო და კვლავაც არის მშვიდობის ყველაზე მნიშვნელოვანი ძალა“, — აღნიშნა რაჯამ.
მისი თქმით, სტოლტენბერგმა აიძულა მსოფლიოს ბევრი ლიდერი, შეეცვალათ შეხედულებები და მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია დიპლომატიურ და პოლიტიკურ სფეროებში.
„სტოლტენბერგი უკომპრომისო იყო ტოტალიტარიზმის წინაშე. მისთვის პრემიის მინიჭება ალფრედ ნობელის ნების შესაბამისი იქნებოდა“, — დასძინა აბიდ რაჯამ.
იენს სტოლტენბერგი ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს. მანამდე ის რვა წლის განმავლობაში იყო ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი. ალიანსის გენერალური მდივნის უფლებამოსილება მას 2024 წლის 1 ოქტომბერს ეწურება და ნატოს წევრი ქვეყნები ახლა კონსულტაციებს ატარებენ მისი შესაძლო მემკვიდრის კანდიდატურასთან დაკავშირებით.
წყარო: Verdens Gang