თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. უკრაინის არმიის მეთაური ვალერი ზალუჟნი პრეზიდენტის ოფისში შეხვედრაზე დაიბარეს და უთხრეს, რომ თანამდებობიდან ათავისუფლებენ, განუცხადა CNN-ს ორმა წყარომ.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შესაბამის ბრძანებულებას, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში მოაწერს ხელს.
„ხმები ამ შეხვედრისა და ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ორშაბათ საღამოს გავრცელდა კიევში. ამან დამაჯერებლობა შესძინა განხეთქილებას, რომელიც პრეზიდენტსა და მის მთავარსარდალს შორის არსებობს გასულ წელს უკრაინის კონტრშეტევის ჩავარდნის შემდეგ“, — წერს გამოცემა.
გავრცელებული ხმებით, პრეზიდენტსა და მთავარსარდალს შორის დაძაბულობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაღრმავდა, რაც ზალუჟნიმ ჟურნალ The Economist-თან ინტერვიუში რუსეთთან ომს „ჩიხური“ უწოდა.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა CNN-სა და სხვა გამოცემებს განუცხადა, რომ მთავარსარდალ ზალუჟნის გათავისუფლების შესახებ ხმები რეალობას არ შეესაბამება. ხოლო თავად ზელენსკის თავის ყოველდღიურ მიმართვაში არცკი უხსენებია მთავარსარდალი.
თუმცა, როგორც ერთ-ერთი წყარო ამბობს, პრეზიდენტის ოფისში გამართულ შეხვედრაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ „მიიღო გადაწყვეტილება შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის გათავისუფლების შესახებ“. ამის შემდეგ პრეზიდენტმა ზალუჟნის სხვა პოზიციის დაკავება შესთავაზა, რაზეც მან უარი თქვა.
როგორც წყაროები აცხადებენ, მთავარსარდლის პოსტზე ორი კანდიდატურა განიხილება: 38 წლის კირილ ბუდანოვი — უკრაინის სამხედრო დაზვერვის შეფი, და ალექსანდრ სირსკი — უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალი.
The Times-ისა და Economist-ის ცნობით, ორივე მათგანმა უარი თქვა ზალუჟნის ადგილის დაკავებაზე.
როგორც მედია წერს, ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლებით პრეზიდენტ ზლენსკის სურს, გავლენა მოახდინოს მოკავშირეებზე, რომლებმაც უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა შეანელეს.