მსოფლიო დღეს

უკრაინის ბიუჯეტში პირველი სანქცირებული ფული ჩაირიცხა

Sputnik
თბილისი, 31 იანვარი − Sputnik. უკრაინის ბიუჯეტში სანქციების შედეგად ჩამორთმეული პირველი თანხა ჩაირიცხა, განაცხადა ქვეყნის სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელმა ვიტალი კოვალმა.
„სანქცირებული ფული პირველად იწყებს მუშაობას სახელმწიფოსთვის. 32 მილიონზე მეტი გრივნა (დაახლოებით 850 ათასი დოლარი) უკვე ჩაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში“, − წერს კოვალი სოციალურ ქსელში.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ თანხაში შედის ხერსონის გუბერნატორ ვლადიმირ სალდოს დანაზოგი და რუსი მილიარდერის, ოლეგ დერიპასკას ერთ-ერთი კომპანიის სახსრები.
კოვალის თქმით, უკრაინის ხელისუფლება კვლავაც აპირებს განაგრძოს ეროვნულ სასანქციო სიაში შეყვანილი პირების აქტივების კონფისკაცია. ამასთან მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქონების კონფისკაცია და აქტივების ჩამორთმევა შეიძლება შეეხოს სასანქციო სიაში მყოფ ყველა პირს, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ 2022 წლის ოქტომბერში დაამტკიცა იმ პირთა სია, რომლებსაც ქვეყნის ხელისუფლებამ პერსონალური სანქციები დაუწესა.