თბილისი, 31 იანვარი − Sputnik. აუცილებელია, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან მაღალი დონის მოლაპარაკებები გავმართოთ, რათა ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემები გადავჭრათ, განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ ქვეყნის პარლამენტში გამართულ მოსმენაზე.
კიშიდას თქმით, იაპონია-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობების მოგვარება ახალ ეპოქას გახსნის ორივე ქვეყნისთვის.
„მიმაჩნია, ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული სხვადსახვა პრობლემების გადასაჭრელად აუცილებელია მოლაპარაკებების გამართვა ქვეყნის ლიდერ კიმ ჩენ ინთან. <....> ამისათვის სხვადასხვა არხებით მიმდინარეობს მუშაოება, მაგრამ მის შინაარსზე ვერ ვილაპარაკებ, რადგან ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს მომავალ მოლაპარაკებებზე“, − განაცხადა კიშიდამ.
პრემიერმა ტოკიოსა და ფხენიანის ურთიერთობებში არსებულ პრობლემებს შორის ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო და ბირთვული პროგრამების განვითარება და იაპონიის მოქალაქეების გატაცება დაასახელა.
მანამდე, წლის დასაწყისში, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა იაპონელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა 1 იანვარს ნოტოს რაიონში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით. იაპონიის მთავრობამ ამისთვის მას მადლობა გადაუხადა.
აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კორეამ იაპონიას სამძიმარი ბოლოს 1995 წელს გამოუცხადა, როდესაც ჰანშინ-ავაჯის რეგიონში დიდი მიწისძვრა მოხდა. მას შემდეგ იაპონიაში მომხდარ დიდ ბუნებრივ კატასტროფებთან დაკავშირებით, მათ შორის არც 2011 წლის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს იაპონიის მთავრობისადმი სამძიმარი არ გაუგზავნიათ.